დაიბადა 1906 წელს ზესტაფონში. 1930 წელს მუშაობა დაიწყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობაზე, 1932 წელს აგზავნიან თბილისში მდნობელის პროფესიის შესასწავლად.
1933 წელს დაბრუნდა ზესტაფონში. როგორც მოწინავე მუშას, ვლადიმერ სალაძეს ირჩევენ ქარხნის პროფკომიტეტის თავმჯდომარედ, პარგორგანიზაციის მდივნად. 1937 წელს გადაიყვანეს თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის დირექტორად, ხოლო 1938 წელს ირჩევენ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
1940 წლის დეკემბერში ნიშნავენ თბილისში მშენებარე #448 ავიაძრავათმშენებელი ქარხნის დირექტორად. 1942-1948 წლების განმავლობაში იგი იყო თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის დირექტორი, მინიჭებული აქვს ინჟინერ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია მრავალი ორდენით და მედლით.
ვლადიმერ სალაძის მაღალი ორგანიზაციული ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა სამამულო ომის წლებში, როდესაც მისი უნარიანი ხელმძღვანელობით ქარხანა პირნათლად ასრულებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის პასუხსაგებ დავალებებს, უწყვეტ ნაკადად აწვდიდა ფრონტს ლაგგ-3 და იაკ-3 გამანადგურებელ თვითმფრინავებს.
1946 წელს ვლადიმერ სალაძის ხელმძღვანელობით ქარხანამ, საბჭოთა კავშირში პირველმა, დაიწყო რეაქტიული თვითმფრინავების იაკ-15 გამანადგურებლების სერიული გამოშვება.
1948 წელს მას საქართველოს მთავარი საგზაო სამმართველოს უფროსად ნიშნავენ.
დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მრავალი მედლებით.
გარდაიცვალა 1985.