გოჩა სხილაძის ლექსები — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გოჩა სხილაძის ლექსები

date 29 აპრილი 2020
article670.jpg

მტრედის ღუღუნი

ტრაგიკულად დაღუპულ მირანდა სხილაძეს,

 მის შვილებს დამიანეს და ლილეს

 

გუშინ მოაჭრეს სამი ტოტი საფლავთან ურთხმელს,
ჭრილობა ღია, სისხლისფერი, დააჩნდა მერქანს.
ათასი წელი ინახავდა რაღაც ბნელს, უთქმელს,
ახლა მას უნდა რომ ბავშვების სახელი ერქვას.

ამ სექტემბრიდან სამი კუბო გამოირანდა,
მირაჟი გაქრა, გაკრიალდა მღვრიე და ბუგე.
სამი ბავშვი წევს ბნელ კუბოში. გძინავს მირანდა
მამის სიზმარში, ვერ იღვიძებ, შენს თვალის გუგებს
ძარცვავს სიბნელე, მაინც ხედავ გადახრილ ჯვარცმას.

ღუღუნებს მტრედი, თითქოს ამბობს: მამის მაცნე ვარ.
მიდიხარ გზაზე, ჯერ მძიმეა წარსულის ფუთა-
ბავშვის პერანგზე დაგავიწყდა ღილის დამცნევა.
გახსოვს დაისში რომ უთხარი შენს სულთამხუთავ

ანგელოზს სიტყვა, წარმავლობას რომ გამოსტაცე,
ჩურჩულებ სიტყვებს, საუბარში რომ გაიწაფოს
ბავშვი, ვარდების და ჩიტების თანამოდასე.
ვერ ხედავ სოფელს, აღმართიანს და გულციცაბოს.

შემოდგომა კი ფერად-ფერადს მოაფენს გოგრებს.
ასე მგონია, მოხვალ ღმერთო, შეარყევ დუმილს.
თვალებს აგვიხელ სინათლეში, ამ ბავშვებს მოკრებ
და შენი ბაგე ისევ იტყვის: „ტალითა კუმი“.

 

 

კაცის სიკვდილი

ვახტანგ სარალიძეს

 

დაგიდგა ჟამი პერანგების სისხლში გავლების-
გესმის კივილი მკვდარი დედის და ელმავლების.
დაგიტანს დიდი რცხილის ჩრდილი, დიდი მაგიდა,
ბურუსი ბედის, ბავშვის ღიმი ჭრელ ჰამაკიდან,
ბრმის დიდი ცრემლი, ღვინის მზისფრად აკიანთება,
ორი გოგონა -შენი ცრემლი და ქრიზანთემა,
სახლთან ლეღვის ხე ქვესკნელიდან ამოწეული,
ღვინით ავსილი შენი ჭიქა, შენი სხეული…
ლაქავენ კუბოს, გაპრიალდა ხე დაკორძილი,
გაცმევენ პერანგს, მაღალ სერზე არის ქორწილი.

 

ხის სიკვდილი

კედარს მოაბეს დიდი საბელი.
მოჭრეს. დადუმდა ჩიტთა კაპელა.
ხე იწვა მკვდარი როგორც აბელი,
თავს ადგა კაცი, ვინც გადაბელა.

დადუმდა შაშვი, დუმდა კოდალა,
მიწა ვერ იგრძნეს ფესვქვეშ კედრებმა.

ჩამოაქციეს ჩიტთა გოდოლი,
წყალს გაატანეს ბავშვის ვედრება.

 

 

დრო

ტირიფის ტოტზე ჩიტი გალობს, ხე იზრდის რგოლებს,
ვარდი კი თავის წიაღიდან მოგრაგნის ფურცლებს,
ანათებს ვარდი უცნაურად, თავის ჟამს მოლევს,
იანვარს ხვდება და მის ფიფქებს იმშვენებს, უძლებს.

ნეტარ არს კაცი, ვინც გაბედა, შეერთო უკუნს,
ასვეტილ ნაძვებს, მის ჩიტის ხმებს, სიმშვიდეს სუდრის,
იქ სიზმარიდან გუგულივით იძახის გუგ-გუს,
სადაც ნათელი და უკუნი ერთმანეთს უდრის.

მიმძიმს სახურავ გადახდილი სახლების სევდა,
ამოვარდნილი გული იქაც ფართხალებს, ვიცი.
გარეთ ყრუ ქარი ხმაურობდა, ცივ ფოთლებს რევდა,
ვიღაცა მოკვდა და საფლავში ჩასვენდა ციმციმ.

 

სიბნელე

მითხრეს: ცხოვრება არის დღესავით,
მე კი არა მაქვს შნო და გერგილი,
რომ ვარ უგრძნობი დიდი კლდესავით,
ანდა ცივი ვარ აისბერგივით.

ეშმა ამ სოფლის მამასახლისი
ჩემზე სხვა ათას რამეს მოროშავს,
გულზე გადივლის მისი სახნისი-
ამოჰყრის ვარდებს, აფრთხობს ბოლოშავს.

ისმის ჩურჩული: ამოიბაგე,
კვლავ შეერიე დაისს, სიბინდეს,
კოცნისთვის ჰპოვე წყვდიადის ბაგე,
ოქროსქოჩრიანს, გასცდი სიმინდებს.

მაღალი ხე ხარ, რომ ვერ დაგაპეს,
წადი, წყვდიადის კალთას ებნიე.
თუ ხედავ ვარდებს-ბავშვის საკაბეს,
წამიერია და უნებლიე.

 

ჩურჩული

ბევრი ფეხის ხმა მიახლოვდება,
გათელეს ვარდი და სამარის მიწა დაბლისკნეს.
გულში გაისმის შენი გოდება-
ასე მიდიხარ სიბნელისკენ და სიდაბლისკენ.

თითქოს გადუსვეს შავი გუაში
დაბრეცილ სივრცეს, ღვინით სავსე ქვევრი დაგლისეს.
მნათი წერტილი ბნელის შუაში
ვარ ისევ მარტო. აქ არავინ მოგისაკლისებს.

 

 

 

 

ანუბისის ბაღები

ღამის სიზმრებში ანუბისის მოახლოება
ახლა აშენებს და ამაღლებს ცამდე მეგალითს.
მე რომ მეგონა, თითქოს მიწა მევიწროება,
სავსე მთვარის ქვეშ აქათქათდა დიდი ეკალი.

შენი ვარდები ცვრით დამძიმდა მდინარის გაღმა,
აყვავდა კომში, ახასხასდა მწვანედ აყირო.
ადრე მეგონა რომ გაშალა ვარდები ბაღმა
ჩემთვის. ვიყავი დიდ ბავშვივით უკვირმაკვირო.

დაკარგულ გზებზე გული იყო შენი მოსავი,
ვეტანებოდი გზის ნაპირებს, ბნელის ლენცოფას,
მოეხვეოდა უნაზესი ყელით სოსანი
შენს ეკლებს. სისხლით მიველტვოდი თავის შეცნობას.

იყო ბავშვობა, მსხლის ტოტებზე ბუდე თრიების,
მამის სიკვდილი და მაღალი კოშკი უბისის,
შენი ღიმილი, გაღვიძება გულში მთიების,
ღამის კოშმარი, სიზმრის ბაღი, ხმა ანუბისის.

 

 

 

 

უძილობა
შოთა იათაშვილს

ყვავებს მიჰქონდათ სიყრმის სოფელი,
ყვაოდა ვარდი დიდ ხის ნაპობთან,
როგორც სიმღერა შეუწყობელი
დედა სიზმრებში ლაპარაკობდა.

ვიწექი ასე ღამით თვალღია,
მესმოდა ლესვა დანის პირების,
მამა მეძახდა ამ დროს მაღლიდან,
იმედი ჰქონდა გადაბირების.

 

ხმა

შენ ხარ ლოტოსი, ქარიშხალი ღრუბლის ფთილების,
დიდი ფიფქი ხარ და ვარდივით ვერსად გეცლები,
დილის ცრემლი ხარ, ახლა ვიცი დანამდვილებით
რომ შენს კედელზე ღამესავით ავიქერცლები.

შენს სამოსს უცებ მივამსგავსებ ნეკერჩხლის წითელს,
დაგხატავ სისხლით, მოვალ ახლოს შენი ლანდივით,
ვხედავ შენს სახეს მზის მაგივრად, გრძელ და თლილ თითებს
და ასე ვიგრძნობ რომ გული მაქვს ამოვარდნილი.

შენს დანახვაზე ვარდებივით ვიწყებდი ხასხასს
და მერე შენი ბაგეების წითელს ვიტყობდი.
ჩემი ხმა შენსკენ გადაფარავს ხმას მრავალ ათასს-
სამყაროსხელა აღტაცებით და უსიტყვობით.

მარტოობა

აღარ ჩანს არვინ, ვისაც ვუთხარ სიტყვა მშვიდობით.
სისინებს ქარი, სიცოცხლეა ბრმა, უყვავილო,
უკუნი ღამე შავი ღრუბლით და ქარდიდობით
შემოდის ჩემში ვით ბავშვის ხმა, მისი ალილო.

ვიღაც ხომ მოდის, აი, მწერი, ჩემსავით თიხით
გამოძერწილი, გრილ ჩარჩოში თრთის გაბლეხილი.
ღამეში ვუსმენ წვიმის წვეთებს, ქარების ღიღინს,
როცა ბაღებში ადრეული ჭკნება ხეხილი.

ვივიწყებ სახეს, დიდ გველივით წინ მოსრიალეს,
თვით სიცოცხლესაც, რომ გადამცდა ერთხელ სასულეს,
მაღალი ალვა ამ ღამეში ისე შრიალებს,
ალბათ ხისმჭრელი მის სინათლეს ხვალ დაასრულებს.

 

ბურუსი
ძმას

გაზაფხულია, ყველა ფუსფუსებს,
ყველამ გაიგო სიცოცხლის ფასი.
ცვივა ყვავილის თეთრი ბურუსი,
ყურში ჩამესმის ჩიტების ბასი.

ნიავი არხევს ატმების ბისონს,
ქუჩისკენ აფრა გაშლილა მსხალის,
ღობის ღრიჭოდან მომზირალ ფისოს
არა აქვს შიში უცნობი ხვალის.

მზით, გვირილებით ანთებულ ტვაფეს
ვხედავ და ვუსმენ ცხენების ფრუტუნს,
ქორი მაღლიდან წიწილებს დაფრენს,
მამა დაღლილი აბოლებს თუთუნს.

ვარდის ეკალით გამჭრია თითი,
მომდის სისხლი და ჩვენს ღელეს ლალავს,
ღელეზე მორის ჩამტყდარა ხიდი,
რომლის ნაპირიც ბავშვობას მალავს.

 

ქარი

გარეთ ახლა სხვა მტრედების ღუღუნია,
გარეთ ახლა ქარი გრძელ თმებს გაიშლის,
ხის ტოტები ქარებს გადაუღუნია,
ცას ეტყობა მოლოდინი ქარიშხლის.

ბნელ სიზმარში გაიელვებს გულთან დანა,
ვიღაც დაისს კვლავ მიადებს საფეთქელს.
არ სრულდება უკუნეთის სულთათანა-
სხვა ვარდები იშლებიან აქეთკენ.

 

 

 

 

 

 

აალება

 

დიდ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს,
შენს ბაგეებზე გამომკრთალ ღიმილს,
დილის ვარდებზე დაკიდულ ნამებს,
დიდ მარტოობას, სიჩუმეს მღვიმის,
ვარდებს, მის ჯერაც გაუშლელ კოკრებს,
დავიწყებისკენ გადახრილ საგნებს,
ბავშვს, დაისის წინ სხივებს რომ მოკრებს,
მის თითებს, როცა უმატებს, აკლებს,
ხელებს, რომელიც გეძებენ ძილში,
აქ რომ ვერაფერს ვერ ეჭიდება,
დიდ მატლს, რომელიც ნეტარებს ხილში
და გაღვიძება აღარ სჭირდება,
თვალებს, რომელიც გხედავენ მუდამ,
ისე შორიდან, თვალმოუკრავად,
ოქროსკანიან, მდუმარე ბუდას,
სანამ სიყვარულს არ მოვუკლავარ,
თაყვანს ვცემ ყველას, უკუნში ნაძერწ
პატარა ლეკვსაც, მის კუდის ქიცინს,
ნაფეხურს შენსას, ასვეტილ ნაძვებს,
ბოლო წერტილსაც, შენ რომ სვამ, ციმციმ..

 

 

 

ზარი

 

მე ვარ ზარის ხმა რომ ესიზმრათ ვარდებს, ნარგიზებს,
შენი გული კი სამრეკლოა, სადაც ვდუმდები,
მე ვარ ყვავილი მოელვარე შენს გულსაკიდზე,
შენს გაზაფხულში მინდა მოსვლა და ვერ ვბრუნდები.

შენი ცა ასე უძიროა და მოციალე,
მე ვარ დაისი, დიდი ზარი ხმაჩაწყვეტილი.
როცა წავედი ჩემი სახე შევატრიალე
ვარსკვლავებისკენ. ელვარებდა ბნელი წერტილი.

ჩემს ხმაში ათას ველის ყვავილს გააქვს ღაღანი,
მაინც არ გესმის ჩემი ცრემლის დიდი ხარება,
ვიღაც იზრდება ჩემში წმინდა, ცამდე მაღალი
და შენს სიზმრებში დაბნეული დაიარება.

 

სუნთქვა

გული სინათლით სავსე დღეებით–
ცა ვარსკვლავებით გადალამბულა.
ჩემ ბნელ სიზმრებში ცხელ ბაგეებით
სუნთქვა შენს სუნთქვას არ გადაბმულა.

მერე გადივლის ჩემ გულზე ზღარბი,
ველის შროშანი, მთელი პრერია.
მაქვს ცისარტყელის მაღალი წარბი,
სიტყვებიც–რაც არ დამიწერია.

 

 

დაბრუნება

შეხედავ ნაძვი, ცად ასვეტილ ნაძვს იქით ვერხვი,
მაღლა ჩიტების ჟრიამული, შენება ბუდის,
დიდი გულებით დაჩხაპნილი, ხის ძირას მერხი,
მერხზე ლოთების ღრიანცელი, ბოთლები ლუდის.

უცებ წამწამებს დაუშვებ და სიბნელეს უხმობ,
გინდა სიბნელე სამუდამოდ დაგედოს ხუფად.
გაზაფხულია შენს ჯინაზე, ტკივილებს უღრმესს
ზამთრამდე კიდევ ბევრი დარჩათ, მადლობა უფალს,

ძირს თავდახრილი თუ შეამჩნევ ბავშვების კედებს,
როგორ თელავენ გვირილებს და სხვა უცნობ ყვავილს,
ხედავ ბავშვები მოჰყვებიან ჩრდილივით დედებს,
გვერდით კი ქმრები—რომ არ ჩანდნენ ჭიქაში ყავის.

მიხვალ სახლში და კვლავ გადაშლი პლოტინს, ან პროკლეს-
ამოდის მატლი ამ ვაშლიდან, უცხო და მსგავსი…
უცებ გადაშლი შენს სიცოცხლეს, ისედაც მოკლეს,
როგორც გადაშლის ხსოვნის ბილიკს მომავლის ხავსი.

 

 

 

 

 

დაკარგვა

თან დავატარებ შენი ცის სხივს, შენი სხეულის
ალისფერ ყვავილს, სხვა ფეხმა რომ ციმციმ გათელა.
დავიკარგები შენს გრიგალში უცხო, ეული,
როგორც აქ ბნელში მხარქცეული ციცინათელა.

აი, ეს არის დავიწყების ტალღის მოქცევა,
თავზე რომ მადგას, დაისია იმ ბაგისფერი,
ძილში ვჩურჩულებ: შენ იყავი, ამის მოწმე ვარ—
დილის ვარდივით ციალებდა სახე, კისერი.

მომქონდა გული- არავისთვის გამოსადეგი,
სიტყვის ფერები, შორსმხედველი ჩემი სიბეცე.
დამუნჯებული ხნიერი ხის გვერდით დავდექი
და ჩრდილთან ერთად შენს უფსკრულში გადავიკეცე.

 

წასვლა

გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი,
ახლა ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
ახლა ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი.

ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით,
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად, მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება.

მივდივარ ჩუმად, მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინი ბნელ ღამეში გულს მესახება,
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება.

 

შემოდგომის წვიმები

იყოს ქარი და იყოს წვიმები
და მაღვიძებდეს ხმაური თავსხმის!
კარგია, კოშმარს რომ არ მივები,
მადლობელი ვარ სიცივის, ამ ხმის.

რა ოქროსფერი დაედოთ გოგრებს,
რა სისხლისფერი დაჰკრავთ ვენახებს,
სიმინდის ტომრებს კვლავ თავი მოკრეს,
მეც ვხურავ წიგნებს შენ ხელშენახებს

და აღარ ვუსმენ ჩიტების ლალეს
რომ ფერავს გულის ვუის და ვაის.
სიცარიელეს მოვუხმობ ხვალეც,
მივადებ სახეს ახლობელ დაისს.

 

 

 

 

მერწყულის ტალღა

გადაიარა დიდმა ტალღამ, დაფარა ქვიშა,
წაშალა უცხო წარწერები—ჩემი ელჩები,
გააქრო შენი მონიშნული მაღალი ნიშა,
ააელვარა ნიჟარები, ბნელი კენჭები.

აქ აღარ არის ჩუმი ღელვა, შუქი ნაჩხაპნის-
აღარც გულების კოცონებით გზა ამომწვარი.
ზამთარი გულში აყვავებულ მაისს დაჯაბნის,
თოვლი ყელამდე როცა არის ბავშვებს მომწვდარი.

მე დამესიზმრა მოციმციმე ბაგეთა ნერწყვი-
თავს ზემოთ მუდამ მოციაგე დიდი მერწყული,
მე შენს სიბნელეს- თვალს დავხუჭავ და ისე ვერწყმი,
როგორც ოთახში ჩაკეტილი -კედლებს მერცხალი.

ჩუმად ვჩურჩულებ, ჩემი ბედი ვერვის შევტირე,
ვეღარ ვცნობ წარსულს, არც მომავლის მესმის ხარება.
ჩემში სულ უკრავს ჯადოქარი შენი მესტვირე,
იცის სიბნელე ბოლოს მაინც გაიბზარება.

 

 

***

ეს თოვლი როცა ვარდებს დაიტანს,
ბავშვის ტიტინის სინათლე გმალავს,
მაშინ ვიღვიძებ მე არსაიდან
და ისევ სისხლში ჩავაწებ კალამს.

როგორც ფოთლები ქარწახვეტილი,
ჩემი წარსული ფეხში მედება.
ანათებს, ქრება სულში წერტილი
და არაფერი მეიმედება.

 

***
სად ხარ, სად დაიარები?
იცი, უშენოდ წავრწყმდები.
უშენოდ პატიმარი ვარ,
საკუთარ სხეულს ვაწყდები.
სულ მოელვარე სხივი ხარ,
ჩემს სიზმრებშიაც არ წყდები.
ვერ გხედავ, მტვერად ვიქცევი,
ვერ გხედავ, ასე ვსაწყლდები.
შენ ჩემი სისხლის დენა ხარ-
იდინებ და არ დაწდები.

ალვის ხის სიხარული

მე ყოველ დილით გესალმები, (საუბარს ვლამობ)…
შენაც მპასუხობ: თქვენ როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით?
მე კი ვიბნევი მაგ თ-უსა და სინათლის გამო,
ვიცი, სიტყვებში სიფრთხილეა, რკინა ბრალდების…

მინას ეცემა ჩემი ცრემლი-ჩამოდის, ჩქარობს,
გულო ჩაუქრობ კოცონივით აბრიალდები.
ჩემი ალვის ხე ოქროსფერი ხარობს და ხარობს,
თუმცა სულ ახლოს ხმაურობენ ტყეში წალდები…

დიდი გული კი სულ უმცირესს სიხარულს კმარობს,
ამ სიხარულში ბევრი ცოდვის ვარ თანამდები,
გულში სულ მცირე ნიავიც კი ბობოქრობს, ქარობს,
თმებში კი უკვე ამინდია თოვლის დამდები.

სურვილის ქვები უკან მიმაქვს… ვტოვებ ვიტრინის
გაუმტარ მინას და ათასჯერ მოვტრიალდები.
გული წავიდა სიჩუმეში და გაიტვრინა
და ჩემ ალვაზეც ხმაურობენ შენი წალდები.

 

 

შემოდგომის ბაღები

უკანასკნელად ყვავილები ღებავენ ხმელეთს,
ყველამ გაასწრო, ვისაც სურდა წასვლა, გასწრება.
მე შევალ ბაღში, ვიგრძნობ ისევ ძველ ელეთმელეთს,
ბოლო სხივისკენ მიაბრუნეს თავი ასტრებმა.

შემოდგომაა, რომ არ ინდობს ალვის კულულებს
და თავის ოქროს გადააყრის თავზე ღარიბებს,
მოგონებების ნაკადული ჩუმად ლუღლუღებს,
ისევ წაიღეს, რაც დროებით ჩამოარიგეს….

გულწითელები მოფრინავენ ხშირად ფანჯრებთან,
სად დიდი ბავშვი ისევ ხატავს გულებს მინაზე,
ყოველ სიზმარში ქარი ალვას ხრიდა, ანჯღრევდა,
მახსოვდა ძილში შენი მზერა, შენი სინაზე…

 

 

მორევი

როდესაც ცეცხლი ბრიალებს მწველი,
თავი არ ახსოვთ ფარვანებს, ქინქლებს.
ყვავილის ყელში გაივლის ცელი,
დახედავს სხივი ყინულის ფიქლებს.

როდესაც ხეზე ეშვება ცული,
მაშინ ამ ტყეში სინათლე იკლებს.
სახეს ედება ნიღაბი კრული
და გულის ბუდე აღარ აქვთ ფიქრებს.

არის სინათლე? არსებობს ნული
თუ თავის წრეში ჩაითრევს ციფრებს?
არის მორევი, უძირო ღრმული–
ტკივილებს, ქაოსს თავისში იკრებს.

 

შეკრება

ცხოვრების ერთფეროვანი,
ერთფეროვანი მაჯამა,
როგორც ნულების მრგვლოვანი,
ერთ წამში სხვამ შეაჯამა.
გადახმა ის ლერწმოვანი.
იქროლა ქარმა აჯამმა,
როგორც უთქმელმა ხმოვანმა,
დუმილში შეალაჯა მან.

 

ღამის ელეგია

ქარი აღვიძებს ნემსიყლაპიას,
ფრთები ვარდებთან მას არ ამდურებს,
ღვიძავს სიცოცხლეს ჩამქრალ ლამპიანს,
ჩემს სიმარტოვეს და სიდაბდურეს.

ღამის მწვალებლებს—ღვიძავთ ტარაკნებს,
ახსოვთ, სიბნელე ნათელს უდრიდა.
სიზმარში ვიღაც მოლაპარაკემ
კვლავ მითხრა: ნუ ხარ ასე გულდიდა.

 

 

სიჩუმის ნაპირი

ჩამოუტარებს გულს გაზაფხული
აისბერგს, ცივს და ზღვამოდრეიფეს,
დგას სიხარული ისე მზაკვრული,
შენს ფანჯარაში რომ არ შეიფრენს.

სიჩუმის ნაპირს ბავშვი პაწია
გაცდება, სხვაგან მიეჩქარება,
შენი ფანჯრის წინ დიდი ნაძვია,
შენი მდუმარე გულის ხარება.

 

 

წრიალი

ყვითელი სახე. კუბო. შანდალი.
ჭიქაში წყალი. ჯამით ხორბალი.
გარეთ ქარი და ლოთის ბანდალი.
დედის ცრემლებით გული მომბალი.

არის ტკივილი, გულის წრიალი-
მოქცევა დროის რიგითი ტალღის…
შორს უკუნეთის ცეცხლის ბრიალი
და სიბნელისგან დამფრთხალი ბალღი…

დიდი ვარსკვლავი ენთება ზემოთ,
ქვემოთ დღითი -დღე ვიღაც ბერდება.
მან იგრძნო პირში ამ სისხლის გემო
და ალბათ იქით ბედნიერდება.

 

 

 

 

ადრეული ზამთარი
მეგობრის ხსოვნას

ზამთრის წინ ვარდი დაიკოკრება
და ინათებენ ყვითლად გოგრები,
გულში სხივების ცდილობ მოკრებას,
თვალნათელ ბავშვებს ემეგობრები.

სერზე გადიფრენს საფლავის ყვავი,
ენაჭარტალა და მესოფლია.
შენ კი გახარებს სიმინდის ხვავი,
სავსე მტევნებიც შენი ოფლია.

დილით აღარ ჩანს დავითოული,
ბნელ ველზე დგახარ სანთელჩამქრალი,
შენ წინ ყელამდე არის თოული,
ფეხქვეშ ვარდება დიდი ნაპრალი.

შენთვის არასდროს მოვა მაისი,
ვარდებს არავინ აგიბრიალებს,
შენ გიცდის მხარე არარაისი,
იქ სისხლი წვეთავს, დანა პრიალებს.

ქარი ვარდებზე ცდილობს დაშვებას,
ვტირი, ბავშვები რომ არ გამშვენებს,
ჰე, მეგობარო ჩემი ბავშვობის,
შენი ფანჯარაც ამოაშენეს.

 

 

ბნელი კედლები

თენგო თარაევს

 

შენი ხელები ეძებენ სახეს
და ეხებიან კედლებს ცარიელს,
კედლებზე ხედავ სიბნელის ნახევს-
შენი სიზმრების ცის დასალიერს.

კართან ბავშვების ხმები შეგათრობს,
შენ ჯავრობ, კარი რომ არ იღება.
დიდ გულში მათი სინათლე გათბობს,
გინდა შეხედო მათ გაღიმებას.

როგორ სრულდება შენთვის ეს ღამე,
ეს მოდივილი და მიდივილი,
გინდა, ჭიქაში ღვინოს გისხამდნენ,
ისევ მოგესმას მამლის ყივილი.

უცებ მეზობლებს ამოაქვთ კუბო
და შენი კარი უხმოდ იღება,
თითქოს სხვის, უცხო სახლში შედიხარ.
გიკვირს უშენოდ კედლებს ღებავენ,

უყურებ შვილებს ვერავინ გხედავს
და გიკვირს არვინ არ შემოგხარის,
თან ეჭვის თვალით გახედავ დედას,
აი, მისკენაც გადაიხარე.

მისი თავსაფრის ფერს შეერიე,
ისევ მიდიხარ ხელში შვეულით.
მაღაზიებში უქმად დადიხარ
და ნათელ ფერებს ვეღარ შოულობ.

ებოდიშები სახლის პატრონებს,
დღესაც ფერები რომ ვერ იშოვე.
გაწუხებს მათი ბნელი კედლები,
გინდა დაფარო მათი სიშავე.

 

სონეტი დიდებაზე

გეორგ თრაქლს

 

გარეთ ქარებს აქვთ გულის ფანცქალი,
მზე რომ უკვდება მიმქრალ მდელოებს,
ხმა უკუნიდან ბოლოქანქალის
ველზე ოქროებს გააბრელოებს.

დაცვივა შიშის მტვერ-ბუზანკალი
ამ მზესუმზირებს, უსახელოებს.
რა ახლოს ელავს შავი ნამგალი,
ვაი, მუნჯებს და უმეტყველოებს.

ვარდებთან ახლოს გვიყურყუტია,
ნიავმა გრიგალს აქ გზა უტია,
დიდება დიდებს, გამონაკლისებს…

ბნელი ღრუბელი, ჩიტის ჟღურტული,
ბავშვი სინათლით თავჩაღურთული
ვიცი, ხანდახან მოგვისაკლისებს.

 

ძილი

 

აქეთ თვალგახელილი ცრემლიანი ბრმებია,
აქეთ შენი სიცოცხლე სიკვდილს დაუბრებია,
მიმოდიან ტალღები-ჩუმი საუბრებია,
ინთებიან ვარსკვლავნი, ინთებიან, ქრებიან.
ვარდებისკენ ქარები ისევ გადიხრებიან,
ვხედავ ბავშვის კულულებს და მის შავტიხრებიან
ძილში ალვა იჭრება, მყინვარები დნებიან,
გრიგალი და სინათლე ერთად დაიძვრებიან,
თითქოს არც კი ყოფილან, არც ვის დასიზმრებიან.

 

ამბორი სიბნელეში

გეძებდი ყველგან, მტრედის ფრთებში, გაშლილ ვარდებში,
ვათვალიერე ვარსკვლავები, ვშალე ქაღალდი.
თვალი მოგკარი სხვის თვალებში, ძველ ბარათებში,
ვერ მოგიხელთე და მტრედივით ცაში ამაღლდი.

აღარ სრულდება შენი ბნელში დამალობანა
და მაღლა ცაში ვარსკვლავებად იქცნენ მდევრები,
მე უკვე დედამ სისხლიანი სახე მომბანა,
მამამ აავსო შემოდგომით დიდი ქვევრები.

ბნელის კიდეზე კიაფობენ ციცინათლები,
დღეების კიდეს აწყდებიან ჭრელი პეპლები,
იბერებიან კვირტები და ყვავილს მატლები
ელოდებიან ვით დედოფალს მისი მხლებლები.

უცნაურია, ვიცი, აქ ხარ, მე ვაკაკუნებ,
ყოველ კარს იქით შენ დგახარ და ქარში ყანა ხარ,
ხელმოცარულთა მეფის გვირგვინს რისთვის მარგუნებ,
შენმა თვალებმა ცის სინათლე რად დამანახა?

იქნებ შენ სახელს ამოთქვავენ მომაკვდავები?
შენი ელჩები-ეს ჩვილები ამბობენ :”აღუს”…
მე სურვილების უამრავი ჯაჭვით დავები
და დაბნეული, ლამპარჩამქრალს ვემსგავსე მსახურს.

ისევ მომელის ჩემი მთები, ჩემი თაბორი,
მინდა მწვერვალზე ამიყვანონ სუსტმა ფეხებმა.
მოულოდნელი სიბნელეში ბავშვის ამბორი-
ასეთი არის უცნაური შენი შეხება.

 

შუაგულში ყოფნა

ვარ ვარსკვლავიდან გადმონავარდნი
გამდნარი თოვლი, გაშლილი ვარდი,
ვარ მწუხარება მთვარის ნაბარდნი
და გარდაცვლილთა უცვლელი ნართი.

ვარ ბავშვის მზერა, მზე ცხრათვალება
დაუცხრომელი, რომელ არს მნათი,
ბრმა მეზობელი შავი სათვალით
და ის უისრო მამის საათი.

მისი თითების უცხო სითეთრე,
გაშლილი თმების შრიალა ლელი,
მამლის ყივილით შეშლილი პეტრე,
მტრების მტკაველა მახვილით მთლელი.

ვარ სიმჩავარდნილ ხვალის სიმღერა,
სინაის მთვარის ვარ ვერცხლის სინი,
ვარ უსინათლო ლომების ბღვერა,
რომელსაც ჩემში გრძნობენ ისინი!

 

გადატეხილი კენწერო

აქ მზე ამოდის და ჩადის ფულზე,
დოლარისფერი ჩანს სააქაო,
დომინოსავით დაწვები გულზე,
საგულდაგულოდ გათლილო ქვაო.

აღარ ანათებს აქ წითლად ბლები,
ხეზე არ სხედან ჭრელი ჩიტები,
აქ მხოლოდ ისმის ტირილი ბრმების
და სიგრილეა ჭვარტლის, ბინდების.

ცის შავმა წერომ –მზემ ბედისწერის,
გულს ჩაგალურსმა სხივთა ფიწალი,
გადატეხილი დარჩა კენწერო,
ხეზე აღარ ჩანს წლების კინწალი..

ალბათ ხანდახან თუ ახელ თვალებს
და გულისფერი გახსოვს ვარსკვლავი,
სერზე შედგება ბავშვი და მთვარე,
წელამდე თოვლი არის საკვლევი.

საით წახვედი მითხარი, მამა,
გზა არსაითკენ, რეკავს საათი,
ღმერთმა ტკივილი თუ დაგიამა,
თუ გესმის სოფლის ცრუ მასლაათი.

 

ნია

ნია, ნიავი თმებს გადაგყვება,
თუ გეშინია, სულშიც იქროლებს,
ნია, აქ ქარი ქარიშხალს ჰყვება,
ემშვიდობება აქ და იქ როლებს.

ნათდება ავი დროების ბროლით
სიზმრებში მქროლის განმარტოება,
სადღაც სიმღერა კრთება თებროლის
და ხე ბრიალებს ყვითელრტოება.

მალე სიკვდილის ყვითელი ტორი
ქორის მზეს ქარში დაეტოლება,
დაბრკოლებაა სხივების თორი,
შორით ანათონ თანატოლებმა.

ნია, თანატოსს ველი ყოველთვის
ძილში, რომელიც მისთვის ძმა არი,
მკვლელი ჯვარია იანვრის ბნელთვის,
შენთვის ნაღველით ისმება ძმარი.

გრილი წერტილი აქ დაისმება
და ჩაწყვეტილი სიმღერის ეხო,
სიზმარს ტირილით შეეხორცება,
შენ ხომ არ გინდა, რომ ბნელს შევეხო.

ქროდეს, ვერ მოგწვდეს, ქარი ავდარი,
არ მიგწუროდეს მზეი აროდეს,
გამტყდარი სანთლით კრთოდეს საყდარი
მისთვის, ვინც ბნელში მიიჩქაროდეს.

***

გულში სულ იყო მძიმე ზამთარი,
მერე ნათელი გამოერია.
შენა ხარ ჩემი მზის კელაპტარი,
შენა ხარ ჩემი სიზმრის ფერია.

მე შენს სინათლეს მინდა ვუყურო:
დიდთვალებას და ეგრე დიდთმიანს,
შენით იშლება ვარდის კუკურო–
სანამ სოფელი არ დამითმია,

როცა დილაზე გაკოცებ ნია,
თითქოს გაცვია ვარდის ეფოდი.
მაშუქებს შენი თვალების ია,
მე ვწუხდი, რომ არ მესიზმრებოდი.

 

ქეთი

ქეთი, ქარია შორი აქედან,
ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით,
დანისლულ დღეთა ფორიაქიდან
თავს ძირს დახრიან ახალბედანი.

სანამ მზემ, ქეთი, დღე გაანათა
გულანთებული  ჩანს ორქიდეა,
არის კრიალი ვერცხლის დანათა,
ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა.

შენი მშვენების დანაშაულის
სასწაულია ვარდთა დაცვენა,
მერე შენს თვალებს მზე გადაუვლის,
მზე, ჩვენ რომ ღამით აღმოგვაცენა.

უფალს შეასმენს, როს ღაღადებას
საღამოს ქარის გრილი საყდარი,
მთვარით ვარდების გაღადღადებას
აღარ შეხედავ შენ, გულგამტყდარი.

ჯვარის გზა არის არუნარეკლო,
გულში არეკლე ლია, რახელი,
რა მაღალია, ხედავ, სამრეკლო?!
რა მაღალია უფლის სახელი!

 

 

ვარსკვლავების დარაჯი

ამ ველურ ვარდებში ვარ ეულ-მთვარეული,
შივას ვარსკვლავების მიყვარს დარაჯობა,
არ მშივა სიცოცხლე არეულ-დარეული,
გული ეუბნება სიკვდილს: გამარჯობა!

შენდობა შენდა, ვარსკვლავო სხივქორბუდა,
შენდამი ვარდი ვარ მიქელ-გაბრიელო,
ვარსებობთ შენ და მე, ოქროსფერო ბუდა,
მე აქ მთვარის ვერცხლი უნდა გიბრიალო.

ტყდებიან ვერხვები, ცეცხლით ასვეტილი,
დაისვა წერტილი ვარდების სახსოვარის,
მთვარის დამაფიქრებს ღილი აწყვეტილი,
და ღიმილჩაქრობილი თვალი მაცხოვარის.

აქ არის მთვარე, მთქნარებით მონავალი,
ზღვარი იანვარის, ქარების, მყინვარების,
ვარდი, ვარსკვლავები, ბავშვი ონავარი,
კვლავ ქარის ამოვარდნა ხვალის მძვინვარების!

 

უცნაური ნათელი

გულის კიდეშიც ცეცხლი გიგინებს,
გული შენ გხატავს დანატრებული,
მე ვხედავ ბნელში ქერა კიკინებს,
ოქროსფერ სხივებს აფენს კრებული.

ჩქარი სიზმარის ლივლივებს ჩქერი,
მტერი კოშმარის სხვაა მედუზა,
მე ვარ ამ კერის უცნობი გერი,
მე წინ სიბნელის ზღვა ამეტუზა.

შენი თვალების ცით მიფრენია,
სიზმრებშიც მინდა, ხვალ რომ გიხილო,
მაცოცხლებს მაგ ცის სიცისფრე, ნია,
ციმციმებს შენი თვალის ღიღილო.

გევსება თმები ვარსკვლავთა ბირკით,
ხელში გაქვს ვარდი და მაკრატელი,
ჩავუვლი სოფელს მაღალი ფიქრით,
და უცნაური დამაქვს ნათელი.

 

დამშვიდობება

 

ვემშვიდობები თოვლის ფანტელებს,
ბაბუაწვერას, ბავშვობის ლანდებს,
ბნელში დაკარგულ ციცინათელებს,
შენს სინათლეში გადაშლილ ვარდებს,

მთვარეს,რომელიც არ ჩანდა ბოლოს,
მზეს, სხივი აქაც რომ მომაწვდინა,
ბავშვის თითებში შემომდნარ ლოლოს,
ჩიტებს და ხეებს, დღეებს მაცდინარს,

დიდ კანდელებზე ანთებულ ლოცვებს,
გულში დარჩენილ ხეს უკენწეროს,
ხანძრებს, რომელთაც ტყეები მოწვეს,
უკუნს,ზამთრის წინ გაფრენილ წეროს,

ვემშვიდობები ცას მარად ახალს,
ვარსკვლავებს, ხილულთ და უხილავებს,
ქაღალდის ნავებს, ზღვის მაღალ ტალღას,
ჩემს მოყვარულებს და ჩემს მკილავებს,

შეყვარებულთა მზერას და კოცნებს,
მკვდართან ვარდებით სავსე კალათებს,
ხელებს, რომელთაც კალათი მოწნეს,
მაღალ მთებს, სოფლებს, დაბებს, ქალაქებს,

ვემშვიდობები გუგულის ღარღილს,
ბავშვებს, დარჩენილთ უბედისმწერლოდ
და მათ, რომელთა ჩამოთვლაც არ ღირს,
ვინც ჩუმად უნდა გამოიცელოს.

 

მზე ზამთარში

მოწყენილია რაფაზე ბალბა,
უნდა ზამთარში თბილი მზე ჩანდეს,
მე ახლობლებში ვიღიმი ყალბად,
ყალბ ფაიფურით ვსვამ „რიო გრანდეს“.

მკლავს თავდახრილი ვარდების დამბლა,
რაც ვარსკვლავების განგებას მანდეს,
სინათლის სხივი მოწვეთავს დაბლა,
ეცემა გულზე შერისხულ დანტეს.

მე შენს ხმას ბოლოს შევისმენ ალბათ,
მინდა, გულს სისხლის ცრემლები მბანდეს,
ეს გული სისხლის ცრემლებით დალბა,
დაეცა შუქი უღრანს და ღრანტეს.

ჩანს ახლოს სანთელჩადგმული ტაბლა,
ქარი მხარს გაკრავს ანთებულ სანთელს,
მე ახლობლებში ვიღიმი ყალბად,
ყალბ ფაიფურით ვსვამ „რიო გრანდეს“.

 

სიახლოვე

ვარ მოციმციმე ცრემლი ღამეში,
როცა მომიხმობს უფლის შენობა,
დიდი ცრემლების სიკამკამეში
გულს მაწევს ვარდის გაუშლელობა.

მსურდა დათრობა და გაბრუშება,
მსურდა,წყვდიადის გზები მეთელა,
დედა ამაოდ მეგუნგრუშება,
ბავშვი ვარ დიდი და გულფეთელა…

როცა წყნარდება ქარის სისინი,
ისმის მისი ხმა, ვინც ახლოშია;
ანგელოზებად ჩანან ისინი,
ტოტიდან ტოტზე დახტის შოშია.

შემოვა ჩემში ჭრიჭინობელის
უცხო დუმილის ყრუ ხმაურობა
და ახლო არის დაუჭკნობელი
ვარდების მხარის უცნაურობა.

 

შეხვედრა

რა უბრალოდ იხსნებიან
გულის ცრემლის საგუბრები,
რა უბრალოდ იწყებიან,
ნია, შენთან საუბრები,

სიზმრებიდან მოჩანს გზები,
გზები –შენთან დაუბრების,
თვალებიდან შუქი კრთების
ნიამორის და ნუკრების.

მეშინია ჟამის ფრთების
და სიბნელის დამუქრების,
რა უბრალოდ იწყებიან,
ნია, შენთან საუბრები!

 

სხივების კვართი

ჩემი ბავშვობის დაღმართებში დის კვართებელა,
სხივების კვართში არის ვარდი, ხატიპეპელა.

შენ ამოავსე ვარსკვლავებით ეს ნაპრალები,
კვლავ ცოცხალი ვარ შენგნით, შენგან შენაბრალები.

სხივები გულში ოქროს სილად დაინუკრება,
შენს თვალებიდან შემოხედეს დაისს ნუკრებმა.

გული მარტოა, სიბნელიდან ამოჩურჩული,
შენ სინათლეში შემოღწევას ლამობს ჩურჩული.

ჩემი ბავშვობის დაღმართებში დის კვართებელა,
სხივების კვართში არის ვარდი, ხატიპეპელა.

 

ცრემლების კლდე

ვიცი, ნია, ეგ თმები
ცით ვარდების დაშვების,
გლიცინიად ენთები,
ფრთებს დაჰყვები შაშვების.

გულს გრჩენია ტაროსი,
ზღვებად ატორტმანება,
ხმები ამ სამყაროსი,
კვიპაროსის ზმანება

და ცრემლების კლდეები
ვარსკვლავთა დაცალების,
უნიათო დღეები
ჩემი გარდაცვალების.

 

 

მინდოდა მეთქვა

ყვავილნი მსხვერპლნი არიან, ცელით
მათ სინათლეში ათლოდათ გული,
მამას მოცელავს დღის ღრიანცელი
და მაინც ელის ხსნას გათანგული.

მაღალ შროშნების ამ თაიგულებს
სხივები გულზე მოეკიდება,
მათ ხელსისხლიან მესაიდუმლეს
საგალობლები უთხრეს ბინდებმა.

შენთვის ძნელია სხვების შენდობა,
შინდება ბნელით სინათლე კვართა,
სულში ტაძარი აღარ შენდება,
სიბნელე გულის გამოიკვართა.

დაფეთებული გული ფეთქავდა,
მე აითქვიფა, ერთჯერადია,
საფეთქელს ალბათ ჩაესმის ბათქი,
მინდოდა მეთქვა, ეს ჯერ ადრეა….

 

 

წრე

რაკი საზვერეს გადის ზვარაკი,
გოდებს გული და დღეც გაილევა,
სულს დღაბნის უქმი თქმა –ლაპარაკი,
მწყურია წყალი, სულ რომ ილევა.

ხარ ურმის თვალი, ხარიც, ზუალიც,
ვალების ხარბი გარდუვალობაც,
ცად ხურმის ტოლა მნათობთ უფალიც,
უაალოო დროს გედის გალობაც.

დრო კი აცოცხლებს, რაც დაკარგულა,
თეთრ გვირილებად ფეთქდება კეთრი.
კვლავ სიცხიანი იცლება კულა,
რომელიც მუდამ ჩურჩულებს: შეთვრი…

რაკი საზვერეს გადის ზვარაკი,
გოდებს გული და დღეც გაილევა.
სულს დღაბნის უქმი თქმა– ლაპარაკი,
მწყურია წყალი, სულ რომ ილევა.

 

სინათლის მიზიდულობა

ვარსკვლავიანი ცა შორია, ცა არის ღია,
ახლოს მფეთქავი გულის კუნთია.
თუ მამის გულში სიბნელეა, შემოდის ნია,
მამას სინათლე გულში უნთია.

თუ ბროწეულის ყვავილობა ჩაივლის ჩუმად,
როგორ მწყინს ჩემი გავერანება.
ხალხი ყვავივით დაგვტრიალებს და შეგვჭამს უმად,
ხალხს არაფერი არ ენანება.

ჩაგჭიდებ ხელს და გავუყვებით უცხო ხეივანს
და ვემალებით ვიღაც გუდიანს,
თვალებში ცრემლით გვერდს ჩავუვლით ბავშვს, ქალს-ხეიბარს,
ქალს მზისოდენა ჭილის ქუდი აქვს.

ჩემ სიმარტოვით დავინახავ სხვა სიმარტოვეს,
თითქოს ხე ვარ და ტოტებს მათლიან.
განთიადისას მოვალ შენთან, თუ კი მადროვეს
ხვალ ისევ გნახავ დილაადრიან.

 

***

სანამ ეს გული სანთლად ანათებს,
სანამ ფანჯრიდან ჩანს ბეგონია,
მამისგან იღებს ბავშვი ბარათებს,
სიცოცხლე მისი ექო ჰგონია.

გახედავს ბაღებს, სიზმარამხდარი,
უცნაურია ვარდის სინედლე,
ღრუბლიანი ცის შუბლი ჩამტყდარა,
ვარსკვლავებიდან მოჩანს სინათლე.

* * *
ვბედავ გაფრენა ვნახო მერცხლების
და დაისის ქვეშ გედის დაშვება,
მკრთალი ფერი აქვს სოფელს ცოცხლების
თუ არ შევხედეთ მამას ბავშვებმა.

აქ ძილში ნათობს სიზმრის ფითილი,
თილისმა ბავშვის – დილის კულული,
მზესუმზირების ქართან ჭიდილი,
ნათელი შენი გულდახურული.

* * *
ასისინდები ლეთით, უნასით,
კრთება ნაფლეთი ბინდის, წრუწუნა.
აქ ვარსკვლავებით ასიათასით,
ბავშვმა სიზმარში დაიწუწუნა.

ქარში ანათებს სიზმრების მარში:
მთვარის არშია და ქრიზანთემა,
ქარი ჩაწყნარდა, ბოლოს სიზმარში,
მზესუმზირების ჩაქრა ნათება.

 

ბავშვობა

წარსულმა აქაც ხმა დამაწია,
ყეფს მანწიების ლეკვი ბუხულა,
მაშინ შორს იყო გაწამაწია,
ჯერ ისევ ენთო მამის ხუხულა.

ჩვენ დავაგუბეთ ლიპთან გუბურა,
თვალს გვადევნებდა თხმელის ჭინჭრაქა
და მერე უცებ ცა დაიბურა,
მამის ვენახი მთლად დაიჭრაქა.

ვინც კი მიმაჩნდა ჩემზე სულგრძელად,
ყველამ ინანა ქვეყნად გაჩენა,
ვენახს არავინ გამოუცელა
და ჩვენ არავინ გვკითხა დარჩენა.

 

სიზმრების სული

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი,
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია,
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

იელვებს ბნელში დილის ნამგვანი ,
ხმაჩავარდნილი ბავშვობის ექო,
ბნელს მიყრდნობილი ჩვილის აკვანი,
ზარჩამოხსნილი დიდი სამრეკლო.

ძილში ბავშვობის უცხო ველია,
იქ გადაუფრენს ვარდებს პეპელა,
იქ ისევ ჩუმად ჩქეფს სამგველია,
იქ ისევ ჩუმად დის კვართებელა.

გზად ამოივლის ფურისულებით
ბავშვი ბუზღუნა, ბავშვი ბუტია.
ვიღაც ქალს წყალი მოაქვს სურებით,
თავი თავშალით შეუფუთია.

რაც ამოვარდა ქარი და ქსიტი,
მას შემდეგ ალბათ დიდი ხანია
ძილში მეძახის უცნობი ჩიტი,
ციცინათლების ჩანს ლიტანია.

 

 

სევდის სკუფია

მთვარეს ფარავს ღრუბლის ქულა,
ცად ღრუბლების ჯგუფია,
გულში შედის ტყვიის გულა,
მმოსავს სევდის სკუფია.

დამაწია ქალმა ჟატვა,
ქარმა ღრუბელს უქშია,
დაასრულა ბავშვმა ხატვა
და ეს გული შუქშია.

— დე აკრთობდეს ბავშვის ლამპას
ქარი კულულმპობელი.
მე არ ვცდილობ ქარის დაბმას,
ვრჩები გულულმობელი.

 

ხე წრიალებს უკენწერო

ნიავია, რა ხანია, გულმა ისევ ნახა ნია,
დუმხარ, ნიაგარა ყვირის: ბახ! ჰოეა. ბახ! ანია!

ვარსკვლავების ბროწეულის კვლავ ცვენა და ჯახანია,
გული შენკენ მოწეული ხან ვარდია და ხან ია,

მნათობების წოწიალი თვალის ვიწრო საკანია,
ვიცი, ნათობს ძოწი, ალი, ლალიც ნათობს, რა ხანია,

ხე წრიალებს უკენწერო, წერო ქარის საგანია,
არის მთვარის უკან წერო, არის სისხლის ლაქა, ნია.

 

დაბრუნება

არის ცისარტყელები –ფერი ციცარ-იელის.
ვიცი ქარის ხელები მკვდარი სიცარიელის.

შორს არიან გორანი, გორა დავითოული,
წყნარი ქარი, ყორანი, თოთო ფიფქი, თოული.

წვიმამ დაალილავა ილმელების თხმელები,
იწვის მაღალი ლავა, ბეწვის ფერი მელების,

ითლებიან ხანდები, ხარ შენც ერისაგანი.
მანდეთ დიდხანს ხანდები– ისმის სოფლის ქაქანი,

აქეთ გზაა ილმისი, ირმის კვალი, ურმები,
ნათობს მისი ივლისი, ნათობს მისი ხურმები,

არის ცისარტყელები – ფერი ციცარ-იელის.
ვიცი ქარის ხელები მკვდარი სიცარიელის.

 

 

 

შერიგება

 

მოგესალმებით ვარსკვლავებო, მამის ეწერო!
მე მიხარია ჭრელ სიზმრების ვაზის გამორჩვა,
მე მიხარია, რომ გადატყდა ჩემი კენწერო,
მე ვესალმები, ვისაც ჩემი ცეცხლი გამორჩა.

ბნელ სულის ჭიდან მოჩანს მთვარის დიდი მეჭეჭი,
ბეჭით ქარებმა ჩამიმტვრიეს სიზმრის ვიტრინა,
მამა, კოშმარი ჩემს ნავს დახვდა, როგორც მეჩეჩი,
შეაღო ბავშვმა გულის კარი და გაიტვრინა.

ბავშვის სიზმრებში კვლავ იელვებს მერიდიანი,
სადაც ორფეოსს მოეხვევა ცრემლის მენადა.
მოგესალმები თეთრ ალმებით ქუდბედიანი,
შენი ვარსკვლავის გრძელი სხივი გულს დამენათა.

 

ძახილი

აქ უხილავი დღის მილევიდან,
სახმილავიდან განთიადამდი,
შუქი ეცემა დიდ ვარსკვლავიდან,
საფლავის ქვაზე ეცემა ვარდი.

აქ შენზე მწყრალი პრიალებს კუპრი,
თუ რიარიად ფეთქავს აპრილი.
უპრიანია, გაცოცხლდეს ჭუპრი,
ფრთით ამოზიდოს ბნელი ნაპრალი.

ბნელის გაქრობას, მამა, თუ ელი,
გასრულდა მტრობა და გზის ტროპარი,
შენ შეგიწყალებს ემანუელი,
გზას გაგინათებს ჩემი რობაი.

მთვარის ბაგეთი გრანიტს ეხები,
მკვდარიც წუწუნებ: რანი ვართ, რანი…
ტარიგო, ვისთვის განიტეხები,
შენს ქარებს წაჰყვა ბავშვების ფრანი.

 

ზამთრის ძილი

მე ახლა მძინავს ზამთრის ძილით და უსიზმრებოდ,
მერე ხანდახან ტკივილი თუ ძილში მაღირსე,
ჩემი წარსული სიხარულის ფერადი ექო,
შუა ზამთარში მობრუნდება ჩემი ბაღისკენ.

გამოაღვიძებს გაზაფხული, ხეზე ამძვრალი
ტყეებს, მდელოებს და თვალებში ცეცხლს გააჩაღებს,
ამოვარდნილი მწვანე ალის დიდი ხანძარი
ისევ აანთებს ფურისულას, მის ფერად ჭაღებს.

წარსულის ხსოვნა დაკარგული ჩვენი ფესვები,
მზის სხივებს გრძნობენ, გრძნობენ დაისს დასაფიქრებელს.
ვწრიალებ ძილში, გულნატკენი, სიზმარში მესმის,
თოვლქვეშ ახალი წყაროები ძალებს იკრებენ.

 

 

 

გაზაფხული

 

ამ აღმართს იქით, გზა უვალი და დამრეცია,
გზაზე დგას კაცი განწირული თავდაღმართისთვის,
უფალს ამ კაცის ფერადები აუკეცია,
მალე ზამბახებს ამოიყვანს სხვების მარტისთვის.

თავის სინათლით სულ სხვა ჩითებს, სულ სხვა ჩითილებს
სულს ჩაბერავს და ამოხეთქავს მწვანე ლერწმებად,
ჩიტი სხვა ბუდეს აიშენებს, იცავს სიფრთხილეს,
ხეებს ფერადი სამოსელი გადაეცმება.

ასკილის სუნით აივსება ვაშპარიანი,
ბაბუაწვერა გადაუფრენს ბავშვის წამწამებს,
სხივის სინაზე, დღე მაღალი და ქარიანი
ვაშლის ყვავილებს მერე ისევ სხვისკენ დაძრავენ.

 

 

 

 

სინათლე ლაბირინთში

 

როცა გუბდება გულში სანთლის წარმავალობა
და მისი ქრობით აალდება ქარის ნამღერი,
სინათლესავით შორი მოჩანს შენი წყალობა,
ჩემს წამწამებზე ახლო არის შენი ნამქერი.

ხვალინდელი დღე უნაპირო ღამით თენდება,
ყოველი წამი გულის ფეთქვამ გამოიძია,
ყოველ წამისგან აქ სიცოცხლის სახლი შენდება,
სადაც არიან, არც არიან და არც იციან.

როცა იწყება ყვავილებით ჩემი ნათლობა,
დამავიწყდება, ლაბირინთის რომ ვართ მკვიდრები.
ამ სინათლისთვის მინდა, გითხრა დიდი მადლობა,
რომ ვართ უზომოდ ღარიბები და თან მდიდრები.

 

 

დამსხვრევა

ყვითელი გული ყვირის გვირილის,
მისთვის დილაა სიკვდილის შვება,
მზის და სიცოცხლის ამოყვირილი
ფეხისგულებზე იგრძნეს ბავშვებმა.

ღამით ამოსდით ჩვილებს კბილები,
მამის ყოველდღე დიდდება ხელი.
ბნელისკენ ჩავლენ შენი შვილები,
დასავლის მხარეს სხივების მხრელი.

არ უგრძელდებათ ვარსკვლავებს სხივი,
ფერდჩაცვენილი ვარდება სფერო,
მარადის გოდებ, ბარათი შივის-
სიბნელე გინდა სისხლით გაფერო.

არის ანბანის ეს კიდობანი,
ცრემლით განბანილს გადუფრენს მტრედი.
მომესმა მამის ხნიერი ბანი,
როცა მის გაბზნილ სარკეს ვამვტვრევდი.

 

 

ძველი ლექსები

მზე და ვან გოგი

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

საღამოს შრამში ფეხმძიმდება მზით შიო–მღვიმე,
ჩურჩულებს მკვდრები და ელევსინი.
შენი თვალები დავიწყების ცას შეუღიმებს,
კვლავ მთვარეების გაელავს სინი.

ქვის გული _ მორგი მიატოვეს ფიქრის ფარებმა,
გაერიდება მძიმე ხორცს ძელი
და ხმაჩაწყვეტილ სავსე მთვარეს გადეფარება
თმაგაწეწილი ფიქრის ძონძები.

დიდდება გული, მზე გარდმოიხსნა მძიმე თვლემიდან,
ისევ ვაგუბებ მომსკდარ ჟამს გონგით.
მდნარ გუდრონიდან, მოღიაღებულ საფლავებიდან
წამოიწევა მზე და ვან გოგი.

 

 

ცად აყრდნობილი

სიცოცხლე მზე და ფაეთონია,
სიკვდილი –ისევ სხვა საპყრობილე.
სული მარტოა თეთრი სვეტივით,
სფინქსის დუმილით ცად აყრდნობილი.

ჩამოშვებული ეთერის ტანით,
ღამე ხმიანობს შენი მფარველი,
დახრილ თვალებით შემოგყვებიან
დამძიმებული ლურჯი მთვარენი.

მინის თაღები წყლებში ინთქება,
რბილ სვეტებს შორი ცანი ჰყინავენ,
ფრთებგარუჯული მიესვენება
არყოფნის ლანდზე თეთრი ფრინველი.

სიცოცხლე მზე და ფაეთონია,
სიკვდილი– ისევ სხვა საპყრობილე.
სული მარტოა თეთრი სვეტივით,
სფინქსის დუმილით ცად აყრდნობილი.

 

საყდრის სიგრილე

ღამით დადუმდნენ წყლის ბულბულები
და უხმო ზეცის თეთრი მინები,
საყდრის სიგრილით დაგიბრუნებენ
რბილი მთვარიდან ხმებს თრითინები.

ბნელს მოიხვევენ ბაბილონები,
ფრთიან ხარებით მინათენთები
და ლაჟვარდების ბიბილოებით
მინებს სერავენ მინარეთები.

იზრობა ხმები, მზეთა მგლოვარი,
ოხვრებით მოგფშვენს ცათა სარქველი,
ისევ მდუმარებს მთა საქომარის,
გრილი ნათელით სხვათა მიმრქმელი.

უცხო ვარ ისევ, ჩემთვის უქმია,
თეთრი ბორბალი სისხლით ნაგრილი,
კვლავ სულეთია, ბნელეთს ბუბნიან
თავის ქალები თეთრი მარგილებით.

ღამით დადუმდნენ წყლის ბულბულები
და უხმო ზეცის თეთრი მინები,
საყდრის სიგრილით დაგიბრუნებენ
რბილი მთვარიდან ხმებს თრითინები.

 

მზის მიძინება

მზე მიესვენა, მიძინებას გულმინდობილი,
გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი,

გულს გასერავენ ბნელზე ბნელი სვლებით ლანდები,
ციცინათლებად გაიშლები, გარიალდები,

გულს გაანათებს ამ ღამეში ბავშვი-ჩითილი,
აქ მზესუმზირებს ქარებთან აქვთ ისევ ჭიდილი,

დაღალულ ჯვრებთან დაყუდდება კვირაცხოველი,
დაღლილობისთვე მდორეებით მიმაცხრომელი,

მზე მიესვენა, მიძინებას გულმინდობილი,
გული ლოდინის მინაზეა შუბლმიყრდნობილი.

 

დიდი მზესუმზირა

ჟამს ისევ დაიხვევს ძველი ქვის საათი,
ღამე იხიბლება მთვარის მიფარებით,
მთებიდან ზვავები იძვრიან ტაატით,
ძველ ქუჩებს აბრმავებს სინათლით ფარნები.

ცათამბრჯენებიდან უცებ მოინგრევი,
შენი სათიბია ძნებად ჩაცელილი,
ფრთებს გადასცდებიან შენი ბოინგები,
მზეები ჩათვლემენ, თვალებჩაცვენილი,

სფინქსის მდუმარება კვლავ შენი სახეა
ან სხვა ხელისგულებს იხსენებს ნალურსმევი,
ახლა შეიძლება ცის თვალის გახელა
და ჟამის მდინარება წერტილდაუსმელი.

უხმოდ დადრეკილა სიკვდილის ბზარულთან
დიდი მზესუმზირა თავის მოგონებით,
თვალებს ახამხამებს ღამეში გარუდა
და კარიბჭეებთან თვლემენ გორგონები.

მზისკენ იშმუშნება მიწათა საბანი,
ძვლების სიმყუდროვეს ნუღარ შეიმდურებ.
თავდავიწყებათა ემბაზში განბანით
ამ ნიღბებს ყოველ წამს ითრევს შავი მდორე.

 

 

ხარიშუბლა მზე

შებზარულია ქალა თხემების,
მზემ ჩაიარა კვლავ ხარის შუბლით,
შავ მთვარეების ამოხველებით
ყრუ მდუმარება დაგხარით უფლის;

მინის თაღები წვანან ღამეზე,
სივრცეებისკენ იწევენ ჯვრები,
სისხლის მტევნებში იხრება მეზვრე,
მხურვალე შუბლებს აგრილებს ჩვრები;

ამ სიმაღლიდან მიწაა მძიმე,
ღამე კომეტებს თავის მკერდს მოთლის
და საფლავებთან მზით მოციმციმე .
დუჟმორეული იხსნება ბოთლი;

და სული მაინც წითლის ფერია,
ჩუმად იალებს ფერცვლილი ბადრო,
ღამეს ახალი დღე მიჰფენია,
სიკვდილისაკენ ხრილი დროდადრო.

 

 

თეთრი არყები

იბზარებიან ხმობით თაღები,
დუმს ვამპირების მჭლე სასილოსე,
შორს მთვარეების მისარქმელებზე
სიკვდილი მოაქვთ ციურ ნილოსებს;

მთვარის მთებიდან ცა შეიბინდა,
შავი ურნებით ნავარაყები,
მიძინებული მზის ზეგნებიდან
ამოხეთქავენ თეთრი არყები;

მხრებზე სიგრილე თრთის მინაყრდნობი,
სიგრილეებით მინამდორალი,
წელთაღრიცხვები რაღაცას გრძნობენ,
ღრმა და ქვაბოვან მინებს ტბორავენ.

ამოდის მთვარის დახრილი ეტლი,
ჯვრებზე ანთხევენ სისხლს ასპიდები
და სამარეებს მორყეულ ეტლით
ჩუმი სისინით მოაქვთ ბინდები.

 

 

როლანგი

სკნელებს ცვიოდნენ ნიამორები,
დღეთა თვალებით მითენთილები
და ლურჯ ღამეებს მიაგორებდნენ,
შეგრილებული ზეთისხილები.

თეთრ ქუთუთოებს ხრიდა შროშანი,
შეფაკლული და ჟამთა მგლოვარი.
ცივ მზეებს უხმოდ აშოშმინებდა
სიკვდილი გრილი და უხსოვარი.

დგები შიშით და ელდით უცქერი
ჩემს გულზე მზეთა გადაგორებას,
შენი სხეულის უზღვავ საფლავებს,
სულის შეკრთომას და განშორებას.

ცის უთეთრესი ფრთებით ფერფლდები,
გეყო, რაც მღვრიე მზეებს უმზირე,
დატანჯულები ვერცხლის ფარფლებით
მთვარენი ხრიან ძირს მზესუმზირებს.

სკნელებს ცვიოდნენ ნიამორები,
დღეთა თვალებით მითენთილები
და ლურჯ ღამეებს მიაგორებდნენ
შეგრილებული ზეთისხილები.

 

სულის უხმო ფსკერი

განთიადი შემოაწვა სარკმელებს,
სული დუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით,
სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან,
სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.

ისევ გახსოვს ღამეების სიგრილე,
მთვარეები თეთრ ფარფლებზე მგლოვარი,
თეთრი სვეტი, უხსოვრობით მიხრილი,
თეთრი ტანი, თავის თავის მგვემარი.

ვიცი, რომ ცა სულის უხმო ფსკერია,
რომ ეთერში ცახცახებენ ხბორები,
აღმოსკდება ანგელოზი ქვევრიდან
და სიცოცხლეს ბაგით ეამბორება.

მე ვარ მარტო და სიკვდილის ზღრუბლები
ლეთის ახლოს მოგონებით გამთბარი,
მოვა ქარი, აირევა ღრუბლები,
შიშველ რტოებს გამოიხმობს ზამთარი.

განთიადი შემოაწვა სარკმელებს ,
სული სდუმდა სხვა მთვარეთა ნაღველით,
სულზე გრილი თეთრი მისარქმელიდან
სხვა სივრცეა კრძალვით დაუნახველი.

 

ბინდის საუფლო

ბოლოჟამს ვთლიდი კორძიან კუბოს
და იმ დღის სხეულს უხმოდ ვლურსმავდი.
დგებოდა ნელა ბინდთა საუფლო
მნათობებით და მინის გუმბათით.

ვუსმენდი ოხვრით მოვარდნილ ნილოსს,
სისხლით სფეროებს როცა რეცხავდა.
კუბოთა რხევით უნდა გაგრილო,
აქ შენი სახე გამომეცხადა.

მარადისობის ფსკერზე მილექე,
დღეები, ტანჯვით დაბეჭდულები.
მოვა ჟამი და მერე იფეთქებს
სისხლით და ხორცით სავსე ჭურები.

მომდგარა კვდომა შიშით და ზაფრით,
პირს შეიბრუნებს გრილი დინება.
სიბნელისაკენ გადახრილ აფრით
ბავშვს ვარსკვლავებში ჩაეძინება.

 

 

მიდიხარ

მღვიძავს სიკვდილით, სარკოფაგში, მზესთან ახლოში,
გაშლილი ფრთებით მომინდება სულის ტარება,
ვიცი, სიცოცხლე დამძიმდება და მონათოში
გული შორეულ შენს ნაბიჯებს მიეტანება.

როცა მარტო ვარ, გულშემკრთალი განადგურებით,
ფრთებს ვეფარები, დაბრმობილმა თუ მოგაგენი.
ტანჯვის ღამენით, კიბეებით საღამურებით,
სამრეკლოზეა ანგელოზი უხმო ბაგენით.

ჩამოღვენთილი, გადამცხრალი შემეხორცები,
ჩაინავლები სინანულით და ამბოხებით,
მიდიხარ ჩუმად, სფეროების თეთრი ბორცვები
გზააბნეული მოგძახიან ხმადაბოხებით.

ჰა! საცა არი გამოჩნდება შენი ცხებული,
ვინაც მდგმურები მახსოვრობის ბაღს მიანება.
სიცოცხლიდან და სამყაროდან ამოღებული
უცნაურია ჩვენი ბაგის ახმიანება.

 

 


??????? ????