Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



რამინ შერგელაშვილი - ჩემი ზესტაფონი

date 23 ოქტომბერი 2015
article180.jpg

   სტატიის დაწერა ჩემი მშობლიური კუთხის იმერეთის და ქალაქის, ზესტაფონის უზომო სიყვარულმა გადამაწყვეტინა. 

წინამდებარე სტატიის დაწერა ჩემი მშობლიური კუთხის იმერეთის და ქალაქის, ზესტაფონის უზომო სიყვარულმა გადამაწყვეტინა. არ ვიცი, როგორ გამომივა ეს, რადგან სრულად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მეკისრება ამ მეტად საპატიო მისიის შესრულებისას.
ზესტაფონი ... ზედა ფონი მდინარეებზე ყვირილაზე და ძირულაზე, რომლითაც უხსოვარ დროში სავაჭრო მისიით მოსიარულე გემები სარგებლობდნენ. მკითხველი, რომელიც ნაკლებად იცნობს ჩვენი კუთხის ისტორიას შეიძლება დაიბნეს და გაკვირვებულმა იკითხოს, როგორ მდინარეებზე ძირულაზე და ყვირილაზე გემები, მოძრაობდნენო? დიახ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მოძრაობდნენ და მერე როგორ. დასავლეთიდან მოძრავი გემები თავდაპირველად შავი ზღვით შემოდიოდნენ მდინარე ფაზისში (დღევანდელი მდინარე რიონი), რომელიც იმდროინდელ როდოპოლისში (დღევანდელი ვარციხე) უერთდებოდა მდინარე ყვირილას და შემდეგ გადადიოდნენ მდინარე ძირულაზე, სადაც მათ გვერდი უნდა ჩაევლოთ შორაპნის დიდებული ციხე–ქალაქისათვის (შორაპანი – „შორი ფონი“ – გადასასვლელი მდინარე ძირულაზე), რომელიც იმდროინდელ საქართველოში ერთ–ერთი უპირველესი იყო. შორაპნის უდიდეს საისტორიო მნიშვნელობაზე მე ახლა არ ვილაპარაკებ, უბრალოდ მინდა რამოდენიმე სიტყვა თქვა, სოფელ წევაზე, რომელიც სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ზესტაფონთან. სოფელი „წევა“ ადმინსტრაციულ–ტერიტორიულად ზესტაფონის რაიონს ეკუთვნის, მთაგორიანი, ტიპიური იმერული სოფელია. მისი სახელწოდება წამომდგარია „გაწევის პროცესიდან.“ გემებს, როდესაც ისინი შორაპანს გასცდებოდნენ, დადებდნენ გორგოლაჭებზე, დაუბამდნენ ხარებს და ეწეოდნენ, მანამ სანამ აღმოსავლეთ საქართველოში არ გადაიტანდნენ ანუ მათ უნდა გაევლოთ რიკოთის უღელტეხილი. ადვილი წარმოსადგენია, როგორ კოლოსალურ შრომასთან იყო ეს ყოველივე დაკავშირებული.
ქ. ზესტაფონი ძევს ისტორიული კოლხეთის დაბლობზე, უძველეს მიწაზე, რომელიც არაერთხელ უდიდებიათ ანტიკური ხანის მწერლებს. ქალაქს ამა თუ იმ დროს სხვადასხვა სახელები ერქვა: დაბა ყვირილა, ჯუღელი... ალბათ მკითხველთა უმრავლესობას კარგად მოეხსენება „ყვირილის საზოგადოება“ და გენერალი ვალიკო ჯუღელი. გენერალმა ჯუღელმა აფხაზეთში, ცხუმის ცის ქვეშ ღირსეულად მოიხადა მხედრული ვალი, დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქართული გენის მოძულე გადამთიელებს საკადრისი პასუხი გასცა. გამომდინარე აქედან, ქალაქს ეწოდა „ჯუღელი.“ უბრალოდ საუბარიც კი უხერხულია მასზედ, რომ დღეს ქალაქში გენერალ ჯუღელის მოსაგონრად და უკვდავსაყოფად არაფერია გაკეთებული. ნუთუ აღარ დადგა დრო, რომ ზესტაფონელმა ახალგაზრდობამ მეტი შეიტყოს გმირ თანაქალაქელებზე და იამაყოს. მათ ხომ ჩვენემდე უვლიათ ზესტაფონის შუკებში, შარებზე თუ ქუჩებში... როგორ შეიძლება სიამაყის ცრემლი არ მოეძალოს ზესტაფონელს, როდესაც თვალს გადაავლებს იმ ადამიანების კოჰორტას, რომელთაც ზესტაფონის ძუძუ უწოვიათ და კაცის დანიშნულება ბოლომდე აღუსრულებიათ ამ წუთისსოფელში! რა საოცარიი სიტყვაა წუთისსოფელი, მართლაც წუთისსოფელი. რომელი ერთი მათგანი ჩამოვთვალო? აი რამდენიმე მათგანიც: ვალიკო ჯუღელი, ლევან ჩუბინიძე, დავით მერკვილაძე, სეით კაპანაძე, სერგო კეთილაძე, ალექსანდრე ბიბილაშვილი, კონსტანტინე სუხიაშვილი, უშანგი ჩხეიძე, სერგო და ბუხუტი ზაქარიაძეები, ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი–წერეთლისა, შალვა დადიანი, შალვა ღამბაშიძე, გრიგოლ რობაქიძე, ანგია ბოჭორიშვილი, დიმიტრი უზნაძე, დავით ღამბაშიძე, ილია სულაქველიძე, მელიტონ კელენჯერიძე და მრავალი სხვა. აღარაფერს ვამბობ ზესტაფონელებზე, რომელთაც ქალაქის უახლესი ისტორია შექმნეს, მათი ჩამოთვლა მეტად შორს წაგვიყვანდა. დღეს ჩვენი ახალგაზრდა თანაქალაქელების უმრავლესობამ არაფერი იცის რევოლუციონერზე აფრასიონ მერკვილაძეზე, რომელიც სოფელ ჭალატყიდან იყო. სოფელ ჭალატყეში, მდინარე ბუჯაზე არსებულ ხიდთან, რომელიც სოფელ ქვედა საზანოს და სოფელ ჭალატყის საზღვარია, ახლაც არსებობს „მერკვილაძის თავდაღმართი,“ რაღა თქმა უნდა აფრასიონის პატივსაცემად. რატომ მაინც და მაინც აფრასიონი? იმიტომ, რომ დღეს იგი საერთოდ მივიწყებულია... ქართველმა მწერალმა ალექსანდრე ჭეიშვილმა თავის ნაღვაწში „ნარბევი“ შეიტანა ლექსი, რომელმაც უბრალო ხალხმა თავისივე წიაღიდან წარმოშობილ, რუსეთის მეფის ოხრანკასთან მებრძოლ გმირზე აფრასიონ მერკვილაძეზე, შექმნა, სიტყვები შემდეგნაირად ჟღერს:

 

„აფრასიონ მერკვილაძეს თავი უკვდავი ეგონა,
ორმოცი ტყვია ესროლეს, ფეტვის კაკალი ეგონა,
ოცი ტყვია მოახდევრეს, ბამბის ფირფელი ეგონა,
მუნ სისხლი გადმომდინარი, წითელი ვარდი ეგონა.“





აფრასიონ მერკვილაძე დაიღუპა ჭიათურის რაიონში, სოფელ სვერის ციხე–კოშკებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც მას ღალატით მიაგნო მეფის რუსეთის ოხრანკამ.
ზესტაფონის ცის ქვეშ შექმნა ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანმა–წერეთლისამ „სულიკო,“ რომელი ჩვენი კუთხის, ქალაქის საფიცარი სიმბოლო გახდა... ქ. ზესტაფონის განათლების განყოფილების აწგარდაცვლილმა გამგემ ბატონმა ზურაბ კვეტენაძემ ლექსში „ზესტაფონი“ შემდეგნაირად ბრძანა, „ცხრაწყაროში, გიტარაზე სულიკოს კვლავ მღერიან.“ იმღერებენ აბა როგორ? იმერელისთვის ღმერთს სიმღერის ნიჭი, ხომ უხვად უბოძებია?
რა თქმა უნდა ერთ სტატიაში მოკლებული ვარ შესაძლებლობას ყველაზე და ყველაფერზე ვილაპარაკო, მაგრამ ვეცდები ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეო გრიგოლ რობაქიძე, რომელიც პირადად იცნობდა ადოლფ ჰიტლერს, სამხედრო დაზვერვის (აბვერის) უფროსს ვილჰელმ კანარისს და ფაშისტური გერმანიის უმაღლესი რანგის სხვა პირებს. მისი უკვდავი ქმნილება „გველის პერანგი“ ხომ ამოუხსნელ ამოცანად და საფიქრალად დარჩა მომავალ თაობებს! „გველის პერანგში“ ერთი ასეთი მომენტია... „არჩიბალდ მეკეში დარბაზში ზის, სცენაზე ერთმანეთს მისდევენ რასის ნატეხები... იმერთა რასიული დახვეწილობა და სიდაბაისლე, რომელიც ედავება ყველა სხვა რასებს!!!“ ბარაქალა გრიგოლ რობაქიძეს, როგორ დიდებულად დაუხასიათებია „იმერული გენი“ ზესტაფონელ მწერალს.
წინამდებარე სტატიას „იმერული მარილი“ დააკლდება თუ მცირედ იუორსაც არ გავურევ. „კახელი ყმაწვილი ცოლის მოსაყვანად ემზადებოდა. გოგონას მამა დაინტერესდა მომავალი სიძის განათლებით და იკითხა, რა უსწავლიაო? მცოდნე ხალხმა მორიდებით მიუგო: იმერეთში ორჯერაა ნამყოფიო.“ როგორი მადლი, სითბო, შნო და ლაზათი უნდა გააჩნდეს კუთხეს, რომ იქ უბრალო გავლაც კი განათლებასთან ასოცირდებოდეს?
აქვე მინდა ავღნიშნო ზესტაფონის საიტის შესახებ, რომლის მონახულებისთანავე ნებისმიერი სტუმარი შეიგრძნობს მისი შემქნელის სიყვარულს ზესტაფონისადმი, მისი სოფლებისადმი, იმერული გენისა და სიტყვისადმი.
და ბოლოს ჩემი სათაყვანებელი ქალაქის უბნებო: იასამნის უბანო, ქიმიურო, საყავრიავ, ტევრო, კირკის უბანო, ფეროვ, წყალსადენო, კომისიარიატო, თამარ მეფის, უშანგი ჩხეიძის, რუსთაველის, ჩიკაშუას, ელემენტების, გია აბესაძის, ვახტანგ გორგასლის ქუჩებო, ცენტრალური საავადმყოფოს უბანო და შეუცვლელო კვალითო, გეფერებით ყველას ერთად და ცალ–ცალკე...




თაყვანისცემით, მარად თქვენი რამინ შერგელაშვილი