საქართველოს მოწამლული რეგიონები — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საქართველოს მოწამლული რეგიონები

date 14 იანვარი 2014
article179.jpg

 ურბანიზაციის პროცესს, ეკოლოგიური პრობლემები ბუნებრივად თან ახლავს. საქართველოს მასშტაბით აღნიშნული პრობლემა მწვავედ დგას, თუმცა ახლა იმ რეგიონებზე მინდა ვთქვა, რომლებშიც ონკოლოგიური დაავადებები, სტატისტიკურად, ყველაზე მაღალია. დაბინძურებული სასმელი წყალი და ჰაერი, დაზიანებული გზა, რომლის გარკვეული მონაკვეთები ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო ნარჩენით-წიდით არის ამოვსებული, მანგანუმის ღია კარიერები და კიდევ მრავალი სხვა პრობლემა წლებია, ღიად რჩება ქალაქ ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობისთვის.

 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიადაგი მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით-მანგანუმით, რომელსაც საუკუნეზეა მეტია მოიპოვებენ, თუმცა, იმის გამო, რომ აქ წიაღისეული წესების დაცვით არ მოიპოვება, შესაბამისად, გაჩნდა კიდეც უამრავი პრობლემა. მანგანუმის კარიერები (გაუქმებული საბადოები) საიდანაც წარმოებისთვის გამოსადეგი მადანი მთლიანად გამოტანილია, ზოგან უზარმაზარი ქვაბულების სახით, მეტ-წილად უპატრონოდაა მიტოვებული. ქალაქის მიმდებარე ფერდობებზე, არსებული კარიერებიდან ძლიერი წვიმებისა და ქარის დროს წამოსული ტოკსიკურად საშიში ნივთიერებები პირდაპირ ქალაქსა და მის შემოგარეში ილექება. სპეციალისტების განცხადებით, მანგანუმის მტვერი საფრთხეს უქმნის, ჭიათურის მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეკოსისტემას. საერთაშორისო სტანდარტებით, ნიადაგიდან მანგანუმის გამოტანის შემდეგ, ნიადაგის რეკულტივაცია უნდა მოხდეს.
 
 
 
ქალაქ ზესტაფონში არსებული ფეროშენადნობთა ქარხანა, დროთა განმავლობაში, ელექტრო ღუმელების სიმძლავრეთა ზრდის და დაბალი ხარისხის მანგანუმის გამოყენების გამო, გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროდ გადაიქცა. დაბინძურებული ჰაერით, ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობაა შეწუხებული. მათ შეშფოთებას ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები იწვევს, რომელშიც ონკოლოგიური დაავადებებათა ზრდის ტენდეცია ჩანს. 2012 წელს დაავადებების 1133 შემთხვევა დაფიქსირდა.
 
2012 წლის აპრილში, საწარმომ ჰაერში რამდენჯერმე გააფრქვია მავნე ნივთიერებები, რითაც სერიოზული ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. იმ ხანებშივე გავრცელდა ადგილობრივი ოპერატორის, შოთა ფერძის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ იფრქვევა ქარხნიდან ჰაერში გაურკვეველი ნივთიერება.
 
ეკოლოგიის თემაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში, ეკოლოგიის საკითხებს ერთ-ერთ ყველაზე უყურადღებოდ მიიჩნევენ.მათი აზრით, დღეისათვის, საქართველოში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. აღნიშნულ ქალაქებში, მდგომარეობის განსამუხტად კი სპეციალისტები განმარტავენ და ითხოვენ, რომ ქალაქ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოხდეს, შესაბამისად, ნიადაგს ჩაუტარდეს რეკულტივაცია. ფეროშენადნობთა ქარხანაში აუცილებელია რეგულარულად გაიწმინდოს და გამოიცვალოს არსებული ფილტრები. მუნიციპალიტეტში განთავსდეს ჰაერის ხარისხის სტაციონარული აპარატი. იმისათვის, რომ აღნიშნულ ქალაქებში ცხოვრება უსაფრთხო გახდეს და რომ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტები კატასტროფის წინაშე არ დადგნენ.
 
წყარო: https://takopaiqridze.wordpress.com