ძვირფასო მეგობრებო! ფესტივალის მონაწილეებო! — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ძვირფასო მეგობრებო! ფესტივალის მონაწილეებო!

date 5 აპრილი 2013
article178.jpg

დღეს ძმის დაწყებულ საქმეს ვაჟკაცურად აგრძელებს ზაზა შალამბერიძე, სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი, თხემით ტერფამდე ქართული სახელმწიფოს პატრიოტი, უღალატო კაცი

 გასული საუკუნის 90 - იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო, ახლადშექმნილი ქვეყნისათვის განსაკუთრებით უმძიმესი იყო დამოუკიდებლობის პირველი წლები. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ჩამკვდარი ქალაქები და სოფლები, დილიდან საშოვარზე გაგდებული ქართველი კაცი. გაჭირვებამ თითქოს წინაპართა ტრადიციებიც დაგვავიწყა, მუსიკის ჰანგები ავტომატის კაკანმა შეცვალა და ამ უმძიმეს დროს, 1991 წლის 30 ოქტომბერს, ზესტაფონში, ძმები შალამბერიძეები აწყობენ მათი პედაგოგის, ცნობილი ზესტაფონელი ქორეოგრაფის რევაზ აბრამიშვილის სახელობის ქართული ფოლკლორული ანსამბლების რესპუბლიკურ ფესტივალს. თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან და საქართველოს რომელი კუთხიდან არ ჩამოვიდნენ მაშინ დელეგაციები ზესტაფონში და ალბათ მემატიანე ისტორიულ ფოლიანტებში სამართლიანად ჩაწერდა, რომ მეოცე საუკუნის მიწურულს, სწორედ ზესტაფონიდან, ამ ფესტივალით დაიწყო დამოუკიდებელ საქართველოში ქართული ფოლკლორის ბუმი.

ამ ისტორიულ საქმეში უდუდესი წვლილი შეიტანეს ძმებმა შალამბერიძეებმა. გოჩა შალამბერიძემ, ამ რევოლუციური გაქანების, მეამბოხე სულის ადამიანმა, უნიჭიერესმა მენეჯერმა, საქმის დიდმა ორგანიზატორმა და ბრწყინვალე ქორეოგრაფმა. ჩვენი, ზესტაფონელთა მომავალი თაობების წმინდა ვალია პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, რისი დასტურიცაა დღევანდელი ფესტივალი.



დღეს ძმის დაწყებულ საქმეს ვაჟკაცურად აგრძელებს ზაზა შალამბერიძე, სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი, თხემით ტერფამდე ქართული სახელმწიფოს პატრიოტი, უღალატო კაცი. თუ დაწესდებოდა საპატიო ტიტული – „მშვიდობის დესპანი", მისი საუკეთესო კანდიდატია ზაზა შალამბერიძე.



ჩვენი ეს ფესტივალი ტრადიციულია, ის ყოველ წელიწადს ტარდება, მაგრამ წელს ის მაინც განსხვავებულია, გამორჩეულია. მისი მასშტაბები გაიზარდა, მან საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და ეს დამსახურებაა მისი, ვინაც ზესტაფონლებს ღიმილი დაგვიბრუნა, ჩვენი დეპუტატის ბატონ გოგი ქავთარაძის. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოგი ქავთარაძეს. უღრღმესი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ზესტაფონის გამგეობას და საკრებულოს.



ზესტაფონში - ამ ძმობის, მეგობრობის და სიყვარულის ქალაქში, ამ საქართველოს კულტურულ, თეატრალურ მექაში დიდი სიყვარულითა და ძმური სალმით ვესალმებით ჩვენს რუს, უკრაინელ, ლიტველ და ლატვიელ ძმებს და დებს.


ჩვენ, ქართველებს გვაქვს ბედნიერება გვყავდეს მსოფლიო დონის ქორეოგრაფები. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი თანამემამულე იყო ამერიკული ბალეტის - „ნიუ - იორკ სიტი ბალეს" დამაარსებელი ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც მთელი სიცოცხლე შემოქმედებით კავშირში იყო რუს მეცენატ სერგეი დიაგილევთან და დიდ რუს კომპოზიტორ იგორ სტრავინსკისთან. მე - 20 საუკუნის გენიალური ბალერონი და ქორეოგრაფია „სცენის არწივად" წოდებული ვახტანგ ჭაბუკიანი, მსოფლიო გააოცეს თავიანთი ცეკვით უდიდესმა ქორეოგრაფებმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა. დღეს ხალხთა შორის დაძმობილებასა და დამეგობრებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ლეგენდარულ ანსამბლს „ერისიონს" და მის ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელს. ჩვენ ზესტაფონელები კი ასევე სამართლიანად ვამაყობთ, რომ ჩვენი თანაქალაქელია კაცი, რომელმაც მე - 20 საუკუნის 50 - იანი წლებიდან ქართულ ცეკვას

აზიარა მოსკოვის მოსწავლე - ახალგაზრდობა, მოსკოვში რუსეთის დედაქალაქში, ამ უდიდეს

მეგაპოლისში ჩამოაყალიბა ქართული ცეკვის ანსამბლები „კოლხიდა", „კოლხიდარები" და

„ივერია" და ქართველთაგან პირველმა შეიტანა უდიდესი ისტორიული წვლილი რუსეთში ქართული ცეკვის პოპულარიზაციაში. ამისათვის დიდება და დღეგრძელება სახელოვან

ზესტაფონელს რევაზ ჯანიაშვილს! დღეს, მოსკოვში რევაზ ჯანიაშვილის დაწყებულ საქმეს აგრძელებს ბრწყინვალე ქალბატონი ტატიანა კრამარი. გულთბილი სალმით მივესალმებით ანსამბლ „ივერიას" და მის ხელმძღვანელებს ტატიანა კრამარს და გივი ციმაკურიძეს.



გულითადად მივესალმებით ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს ქალაქ კრივოიროგიდან, ფოლკლორულ ანსამბლს „ბრავოს" და მის ხელმძღვანელებს, უმშვენიერეს ქალბატონებს ნიკოლ დანილოვას და ელენა ლოვჩუკს. დაე, გაუმარჯოს ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ძმობასა და მეგობრობას! ჩვენ ამ გზაზე ხომ გვინათებენ დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილისა და დიდი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას სულმნათი სახეები.



განსაკუთრებული სითბოთი მივესალმებით ჩვენს ლიტველ და ლატვიელ მეგობრებს, ჩვენს მეგზურებს ევროკავშირში, ჩვენ კარგად ვხედავთ იმ ძალისხმევას, რასაც თქვენ ახმართ საქართველოს გაწევრიანებას ევროსტრუქტურებში. ამის დავიწყება არ შეიძლება, ეს თაობიდან თაობას გადაეცემა. მივესალმებით დაძმობილებული ქალაქის ტაურაგეს დელეგაციას იოლანტა კაზლაუსკიენეს ხელმძღვანელობით. მივესალმებით ლატვიის წარმომადგენლებს ქალაქ მალპილსიდან, ანსამბლ „მარას" და მის ხელმძღვანელებს მაია ორლოვას და მარა გაილედისიერეტეს.



ჩვენ, ქართველები მშვიდობისმყოფელი ხალხი ვართ, ჩვენ მთელ მსოფლიოში ვეძებთ მეგობრებს, როგორც დიდმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თქვა - „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია", დღეს ამ ფესტივალით ჩვენ ვთესავთ სიკეთეს და ვიმკით სიკეთის მოსავალს და მხოლოდ ამ გზით თუ გავუწევთ წინააღმდეგობას და დავძლევთ მსოფლიოში ასე მომძლავრებულ ძალადობას და ბოროტებას. ქართველი კაცი ამბობს - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", ამ სიბრძნით გაგვზარდეს ჩვენმა წინაპრებმა და ასე ვზრდით ჩვენს შვილებს.


დღეს, ზესტაფონში ფეთქავს სიყვარულის, ძმობის, რწმენის და იმედის გული, ჩვენ ყველას ერთად, ჩვენი მძლავრი მხრებით, როგორც ატლანტებს გვიჭირავს მშვიდობის და სიყვარულის ზეცა და მოდით ჩვენს გულებში ომახიანად შევძახოთ:

გაუმარჯოს სიყვარულს და მეგობრობას მთელ მსოფლიოში!

გაუმარჯოს ზესტაფონს და ზესტაფონლებს!

გელა მშვენიერაძე

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი