ინფორმაცია ზესტაფონის წარმოშობის შესახებ
ზესტაფონი არცთუ ძველი ქალაქია. დღევანდელი ზესტაფონის რაიონი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შედიოდა. ადრე კლასობრივი წყობილების დროს შედიოდა იბერიის ანუ ქართლის სამეფოში, არგვეთის საერისთაოში, ზემო იმერეთის სადროშოში, 1846 წლიდან 1917 წლამდე, მეფის რუსეთის ადმინისტრაციული რეფორმით, ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. წერილობითი წყაროების მიხედვით ზესტაფონი მე-16 საუკუნის 60-იან წლებში იხსენიება. გადმოცემის მიხედვით სახელწოდება წარმოდგება ,,ზედა ფონისაგან"(მდ.ყვირილაზ
ე), რომლის საშუალებითაც მდინარის ორივე მხარის სოფლები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. 1871 წლის ზაფხულში გაიხსნა რკინიგზის პირველი ხაზი ფოთი-ზესტაფონი. ამ პერიოდიდან რუსმა ჩინოვნიკებმა ზესტაფონს სადგური ყვირილა შეარქვეს და ზესტაფონს ორი სახელი ჰქონდა - ზესტაფონიცა და ყვირილაც.
1920 წლის 15 იანვრით დათარიღებულ საქართველოს მთავრობის სხდომათა ჟურნალში ჩაწერილია: ,,ზზესტაფონის ქალაქის გამგეობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ამიერიდან ქალაქს ეწოდებოდეს მხოლოდ ზესტაფონი".
დღევანდელი ზესტაფონი 4 მიკროუბნად არის დაყოფილი: 1. ქალაქის ცენტრი; 2. ტევრი კამეჩის თავი; 3. საყავრია - კირკისუბანი; 4. კვალითის დასახლება.
ზესტაფონის ტერიტორიაზე საკმაოდ მოზრდილი ტყე იყო, რასაც ახლად დასახლებული მოსახლეობა სახლების მშენებლობისთვის იყენებდა. სწორედ ერთ - ერთ უბანში დაუწყიათ სახლის სახურავისათვის ყავრის გამოყენება და სწორედ გადმოცემით ამ უბანს საყავრია დარქმევია.
მდ.ყვირილას მარჯვენა ფერდობზე გაჩნდა ახალი მოსახლეობა. რადგან აღნიშნული ადგილი მეტად ქვიანია, კირკის გარეშე შეუძლებელი ხდებოდა სახლის ბალავრის გაჭრა, მომრავლდა კირკა და დასახლებასაც ,,კირკის" უბანი ეწოდა.
იქ, სადაც დღეს იოანე ნათლისმცემლის ტაძარია აშენებული, ქალაქის საკმაოდ შემაღლებული ადგილია და ეს ადგილი ქალაქიდან იხედებოდა როგორც უზარმაზარი კამეჩის თავი და სახელწოდებაც ამ უბანმა ,,კამეჩისთავი" აქედან მიიღო.
ბალახოვანთა, გაუვალ ტყეთა და ბუჩქნართა სიმრავლის გამო გაუვალ ტევრს ,,ტევრი" შეარქვა მოსახლეობამ.
ქალაქში ამჟამად 84 ქუჩაზე მეტია, რომელთა უმრავლესობა მოასფალტებულია. ქალაქში შემორჩენილია ტერმინი თუ სახელწოდება ,,ირინეს ბაღი", რომელიც კულტურისა და დასვენების პარკია. იგი მოქცეულია დ.აღმაშენებლის ქუჩისა და მ.ასლანიკაშვილის სახ.სანაპიროს შორის.
,, ირინეს ბაღის" შესასვლელი
by Elza Feradze 2009