სტოპ, კიბოს ლიცენზიას! - საპროტესტო აქცია ზესტაფონში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სტოპ, კიბოს ლიცენზიას! - საპროტესტო აქცია ზესტაფონში

date 24 თებერვალი 2018
article429.jpg

ზესტაფონში სამრეწველო გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.

"შეჩერდეს კიბოს ლიცენზიას" "არ გვჯერა გამორთული სენსორის", "დამარხეთ სიკვდილის გორები" - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის წინ იმართება.

მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას,რადგან ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს, რაც უამრავ დაავადებას იწვევს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, საწარმოში ამოქმედდეს სპეციალური ფილტრები და დაწესდეს 24 საათიანი მონიტორინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

"საქართველო ქართველების გარეშე ზესტაფონიდან იწყება. ქუჩებში გამოსვლა შეუძლებელია. ხალხი ონკოლოგიური დაავადებებით ცხოვრობს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ფეროშენადნობი ქარხანა გაჩერდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქარხანაში ჩართონ გამწმენდი ფილტრები და გარემოს დაცვის სამინისტრომ ყურადღება მიაქციოს ქარხნის საქმიანობას," - ამბობს ზესტაფონის მკვიდრი კოტე ქათამაძე. 

აქციის ორგანიზატორის გიორგი მიქაშავიძის თქმით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა. მომავალში კი, საწარმოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიქაშავიძე მასშტაბურ აქციას აანონსებს. 

"ჯორჯიან მანგანეზში" განმატავენ, რომ ფილტრები გამართულად მუშაობს, მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი გასული წლის მაისში, 3 წლით დანიშნა. მიზეზი ჯარიმების გადაუხდელობა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა იყო. დროებითმა მმართველმა საქმიანობის გეგმა 2017 წლის ივნისში წარმოადგინა.