Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში საპროტესტო აქცია გაიმართა

date 18 ივნისი 2018
article454.jpg

  ზესტაფონში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქალაქი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ ჰაერის დაბინძურება ხდება, რაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. 
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, კომპანიამ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გამწოვი და ფილტრები დაამონტაჟოს. 

  კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოსდაცვითი სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ნოზაძის განცხადებით, ამ დროისთვის პრობლემების დიდი ნაწილი გადაიჭრა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლების გადასაჭრელადაც "ჯორჯიან მანგანეზი" აქტიურად მუშაობს. 
  მისი თქმით, ზუსტად იმიტომ, რომ რეგიონში წლების განმავლობაში დაგროვილი ეკოლოგიური პრობლემები არსებობდა, სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა. 
"მას აქვს კონკრეტულ დროში გაწერილი გეგმა და ამ პრობლემების მოგვარებაზე ეტაპობრივად მუშაობს. ამ დროისთვის პრობლემების დიდი ნაწილი გადაიჭრა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლების გადასაჭრელადაც "ჯორჯიან მანგანეზი" აქტიურად მუშაობს. კონკრეტულად ზესტაფონში ნიკოლოზ ჩიქოვანის მმართველობის პერიოდში ფეროშენადნობთა ქარხნის #4 საამქროს #25 ღუმელის სარემონტო სამუშაოები დაიწყო; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის შესყიდულ იქნა 2300 ცალი ჰაერის ფილტრი; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის #4 საამქროს 24 ღუმელზე გამოიცვალა 149 ფილტრი; მუდმივად ტარდება ჰაერის ლაბორატორიული ანალიზები ჰაერის ხარისხზე მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში დაკვირვება-მონიტორინგი (ეს სისტემები ქალაქის ტერიტორიაზე, 4 ლოკაციაზეა დამონტაჟებული); ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე დაირგო 200 ერთეული ტუიას ჯიშის და 50 ერთეული ჰიმალაის კედრის ჯიშის ხეები; ქალაქს გადავეცით 130 ათასის ღირებულების დასუფთავების მანქანა; რეგიონში ჩამოვიყვანეთ სკრინინგ ცენტრის ექიმთა ჯგუფი, რომლებიც მოსახლეობას ონკოდაავადებებზე რამდენიმე დღის განმავლობაში იკვლევდნენ. ამჟამად მიმდინარეობს ლითონის ჩამოსხმის დროს წარმოქმნილი კვამლის დამჭერი მოწყობილობის საცდელი მონტაჟი“,- განაცხადა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვითი სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ნოზაძემ.