Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ნიკოლაძის სახელობის სკვერის განახლება დაიწყო

date 9 ნოემბერი 2018
article529.jpg

  “ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერი განახლდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სკვერისთვის ახალი იერსახის მისაცემად გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „გილსმა“ გაიმარჯვა და უკვე კონცეფციაც შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

  კომპანია „გილსის“ დირექტორის, მოქანდაკე ლევან სალუქვაძის თქმით, მათ კონცეპტუალურ საფუძვლად სამყაროს ხუთი ელემენტისგან შედგენის იდეა შეარჩიეს.

  თითოეული მათგანი სკვერში სიმბოლურადაა წარმოდგენილი: მიწა - მწვანე ნარგავები; წყალი - აუზი და შადრევანი; ჰაერი - ბეტონი; ცეცხლი - წითელი დეკორატიული ელემენტები; ეთერი - ადამიანის შემოქმედებითი გონის სიმბოლო, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი.

  „რადგან ბეტონი ჰაერის ელემენტის ალეგორიად მივიჩნიეთ, მისი სამი ფერი - შავი, რუხი და თეთრი გარემოს დაბინძურებისგან გაწმენდას გამოხატავს და საწარმოს პოლიტიკას აღნიშნავს“, - განმარტავს ლევან სალუქვაძე და აცხადებს, რომ კონცეფციის შემუშავებაში მთელი კომპანია ჩაერთო.

მოქანდაკე მიესალმება საკითხისადმი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიდგომას და ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების კონკურსის შედეგად მიღება სწორი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, სალუქვაძეს მიაჩნია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ზრუნავს საკუთარი ტერიტორიის გარეთ მდებარე ობიექტების იერ-სახეზე, რითაც სამწუხაროდ საქართველოში სხვა ბევრი საწარმო არ გამოირჩევა.

რაც შეეხება თავად კომპანია „გილსს“, კომპანიაში თვლიან, რომ ზემოხსენებული არეალის ასეთი გადაწყვეტა მას გამოარჩევს და ქალაქის იერსახის მომავალი განვითარებისთვის ჯანსაღი სტიმული იქნება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, სკვერი ქალაქს ახლებურ იერსახეს შესძენს.

„დიდია გიორგი ნიკოლაძის წვლილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსებაში. ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის 130 წლის იუბილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სკვერის განახლების პროექტით გამოეხმაურა. სკვერის განახლების სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს ხანში ზესტაფონელებს ახალი სკვერი ექნებათ, რაც ქალაქს ახლებურ იერსახეს შესძენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის საფუძველზე, როგორც ზესტაფონში, ისე ჭიათურაში უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაწყებული და უკვე განხორციელებული. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები პრიორიტეტულია და მოხარული ვარ, რომ მალე შევძლებთ ზესტაფონს ახალი რეკრეაციული ზონის სახით ეს საჩუქარი გავუკეთოთ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.