შორაპანში ტურიზმის განვითარება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



„ჯორჯიან მანგანეზი“ შორაპანში ტურიზმის განვითარებაზე იზრუნებს

date 27 მაისი 2018
article444.jpg

  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა. კომპანიამ ეროვნული დღესასწაული თანამოქალაქეებს შორაპნიდან მიულოცა. ციხეზე, სიმბოლურად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა მეგობრობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი კომპანიას ისტორიული ძეგლის მზრუნველობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობას ავალდებულებს.

 

  „ერი ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულს აღნიშნავს, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ზესტაფონელებისთვის და განსაკუთრებით შორაპნელებისთვის, გაორმაგდა ამ დღის მნიშვნელობა, რადგანაც საფუძველი ჩაეყარა ისტორიული შორაპნის ციხის განვითარების შესაძლებლობას. გაფორმებული მემორანდუმი კიდევ უფრო გვაახლოებს და საშუალებას გვაძლევს, ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად, ვაკეთოთ კარგი და სასარგებლო საქმე“, – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.

 

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის თქმით, ის მოხარულია მემორანდუმის გაფორმებით. მერმა ფეროშენადნობთა ქარხანასთან თანამშრომლობის მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა. საიუბილეო დღეების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ანტიკური ხანის ძეგლზე მაცხოვრის ხატი მიაბრძანეს. მაცხოვრის ხატი მე – 11 საუკუნით თარიღდება. სიწმინდე შორაპნის საერისთავოში ინახებოდა და ის, სავარაუდოდ, ტაბაკინის მონასტრის საკუთრება იყო.

 

  ხატზე მაცხოვრის ჯვარცმა და ამაღლებაა ასახული. 1926 წლიდან ხატი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეფე მელქისედეკმა სასულიერო პირებთან ერთად, სიწმინდეს პატივი მიაგო და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორმა აღნიშნული ხატიც მოილოცა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრო. შორაპნის ციხეზე, საზეიმოდ, დროშაც აღმართეს.