მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში

date 6 თებერვალი 2021
article706.jpg

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

რესურსების მართვა - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 29% და 23% დააკლდა.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. სამუშაოების უმეტესობა, 6.3 მლნ ლარის პროექტები, განსაზღვრულ ვადებში არ დასრულდა, ხოლო 3.2 მლნ ლარის პროექტები შესრულებულია უხარისხოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში არ დაწყებულა, ასევე სრულად არ არის გამოყენებული სხვადასხვა დროს შეძენილი აქტივები;

ინტერესთა კონფლიქტი - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.

მოსახლეობის წყალმომარაგება

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 210 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

შემოსავლის ადმინისტრირება

მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული კონტროლის მექანიზმები კუთვნილი შემოსავლების ადმინისტრირების მხრივ სათანადოდ არ ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, ასევე შემოსავლები ქონების გადაცემიდან და დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობიდან.

ქონების მართვა

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები

მოსახლეობის ფინანსური დახმარების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული მოსახლეობის ფინანსური დახმარების გაცემის წესი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს


 

რეკომენდაცია №1:

ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მაქსიმალურად მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად.

რეკომენდაცია №2:

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო დაწესებულებების მიმართ და უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

რეკომენდაცია №3:

მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს და შეაფასოს დაუსრულებელი ობიექტების/აქტივის მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დაწყებული ან ალტერნატიული პროექტების დასასრულებლად.

რეკომენდაცია №4:

მუნიციპალიტეტის მერიამ განსაზღვროს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადების განსაზღვრისას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი და პირობა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სამუშაოების დროულ დასრულებაზე; მიწოდების ვადების ცვლილება არ განახორციელოს დაუსაბუთებელი გარემოებებით და გაითვალისწინოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოებისა და რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას და მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას.

რეკომენდაცია №5:

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებას და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია №6:

მერიამ, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება. ასევე შეიმუშაოს მოსაკრებლის გადახდევინების ინსტრუქცია და დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებას.

რეკომენდაცია №7:

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

ჩამოტვირთვა