ფესტივალი „სულიკო” — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ფესტივალი „სულიკო”

date 9 ოქტომბერი 2018
article518.jpg

  სახალხო ფესტივალი „სულიკო”, რომელიც ზესტაფონში ყოველწლიურად ტარდება, ტრადიციულად სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონზე გაიმართა.

  ლირიური სიმღერების ფესტივალი „სულიკოს“ ავტორ-შემსრულებლის, ვარინკა წერეთლის სახელობისაა და წელს მასში იმერეთის რეგიონის ათი მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას.

  მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილმა, ვარინკა წერეთლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

  ფესტივალის მონაწილეთა შედეგებს სპეციალური ჟიური აფასებდა. მუსიკალური შემსრულებლები სცენაზე ორი საკონკურსო ნომრით წარსდგნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრანპრის მფლობელი ქუთაისის ანსამბლი „ჩვენი კვარტეტი“ გახდა.

  „საპრიზო სამეული ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ზესტაფონი“; მეორე ადგილი- ჭიათურის კვარტეტი „ჭიათურა“; მესამე ადგილის მფლობელები კი თერჯოლის ქალთა ანსამბლი „იამე“ და ბაღდათის ანსამბლი „იმერეთი“ გახდნენ. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც. ფესტივალის გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცათ.

  ტრადიციულ სახალხო ფესტივალს ზესტაფონში 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და ის ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება“, - აცხადებენ მერიაში.