Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ADB-მა რიკოთი-ზესტაფონის გზის მშენებლობისთვის €255 მილიონი გამოყო

date 5 ოქტომბერი 2018
article515.jpg

  2018 წლის 5 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შეთანხმება გაფორმდა. 
 
  დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
 
  შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობისთვის. 
 
  ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, წარმოადგენს რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს.
 
  რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა (ჯამური სიგრძით 8.3 კმ) და 20 გვირაბის (ჯამური სიგრძით 9.4 კმ) მშენებლობა.
 
  ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე.
 
  პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.
 
  პროექტი, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება.