Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კოტე ფოცხვერაშვილი

date 30 ოქტომბერი 2017
article399.jpg

კოტე ფოცხვერაშვილი, პირველ რიგში,  ცნობილია როგორც საქართველოს ყოფილი ჰიმნის "დიდების" ავტორი, მან ეს ნაწარმოები 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიუძღვნა. "დიდება" საქართველოს ატრიბუტიკად 1990 წელს გამოცხადდა.

კომპოზიტორი იმერეთიდან, კერძოდ კი ზესტაფონის სოფელ სვირიდან იყო.  ის მღვდლის ოჯახიდან გამოვიდა,  საბაზისო განათლება, რა თქმა უნდა,  ქუთაისში მიიღო, სადაც  სასწავლებლის გუნდებსაც ხელმძღვანელობდა.

დიპლომი ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით მიიღო, სამედიცინო ლექციებსაც ისმენდა, შემდეგ კი პეტერბურგში უმაღლესი მუსიკალური განათლება  მიიღო. 

მისი პირველი კონცერტი ქუთაისში 1903 წელს გამართულა. 

1917 წელს  ქუთაისში იმართებოდა საღამო კონცერტები, ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე მომხსენებელი ივანე ჯავახიშვილი ყოფილა, მუსიკალური ნაწილი კი კოტე ფოცხვერაშვილს მიჰყავდა.

მას უდიდესი დამსახურება აქვს ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებასა და ხალხური მუსიკის შესწავლაში. ასამდე  ქართული სიმღერა აქვს დამუშავებული, მათ შორის "გაფრინდი შავო მერცხალო",  შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა,  ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.

ამ მრავალმხრივ განვითარებულ ადამიანს ეკუთვნის ასევე არტილერიისა და ავიაციის დარგში გამოგონებები, ეწეოდა ქველმოქმედებას, კონცერტებს მართავდა, თანხას კი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა.